გიორგი კახიანი: არაკონსტიტუციური ქმედებები კომპლექსურად უნდა შეფასდეს და არა ცალკეული ფაქტების მიხედვით
პოლიტიკა

ვიდეო/კადრი
საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი აცხადებს, რომ მოპასუხე პოლიტიკური პარტიებისთვის არაკონსტიტუციურად შერაცხული ქმედებები კომპლექსურ შეფასებას საჭიროებს.
მისი განმარტებით, დავის საგანი არ არის ბოიკოტი ან არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადება, რაც პოლიტიკური კონკურენციისა და დემოკრატიის ნაწილია. კახიანის თქმით, მნიშვნელოვანია ამ ქმედებების მიზანი, ხასიათი და მათი განგრძობადობა.
„ქმედებები, რომლებიც მოპასუხე პარტიებს არაკონსტიტუციურად შეერაცხათ, კომპლექსურად უნდა განვიხილოთ. ეს არ არის ერთი კონკრეტული ქმედება, რომელიც შესაძლოა კონსტიტუციურ ფარგლებში ჯდებოდეს. როდესაც ვმსჯელობთ ბოიკოტზე ან არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებაზე, ცხადია, ეს პოლიტიკური კონკურენციისა და დემოკრატიის შემადგენელი ნაწილია. პოლიტიკურ პარტიებს აქვთ პოლიტიკური თავისუფლება, რომ არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადონ და ამაში მათ არავინ ედავება.
აქ ლაპარაკია იმაზე, თუ რა მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი და როგორი ხასიათი აქვს ამ ქმედებებს. მნიშვნელოვანია, რომ ისინი დროში განგრძობადი და უწყვეტი ხასიათისაა და არა ერთჯერადი. გარდა ამისა, ამ ქმედებებს თან ახლდა არამხოლოდ ძალადობისკენ მოწოდებები, არამედ კონკრეტული ძალადობრივი ფაქტებიც, მათ შორის ე.წ. მშვიდობიანი დამხობის კონტექსტში.
არაკონსტიტუციური ქმედებები სწორედ ამ ერთობლიობაში უნდა დავინახოთ და არა რომელიმე ერთი კონკრეტული ფაქტის ჭრილში. ამ საკითხითაც მანიპულირებდა მოპასუხე მხარე, თითქოს ჩვენ მათ სწორედ ერთ კონკრეტულ ქმედებას ვედავებოდით. რეალურად, ჩვენი დავის საგანია განგრძობადი და უწყვეტი ხასიათის ქმედებები, რომლებიც კონკრეტული მტკიცებულებებით არის დადასტურებული“, - განაცხადა კახიანმა.





