შოთა თხელიძე: პატარა ქვეყნის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს, რომ დიდ გეოპოლიტიკურ მოთამაშეებს შორის მსხვერპლის პოზიციაში არ აღმოჩნდეს
პოლიტიკა

შოთა თხელიძე
ფოტო: ვიდეოკადრი
პტარა ქვეყნის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს, რომ დიდ გეოპოლიტიკურ მოთამაშეებს შორის მსხვერპლის პოზიციაში არ აღმოჩნდეს, — განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტმა შოთა თხელიძემ.
მისი თქმით, საერთაშორისო სისტემაში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ისეთი საგარეო პოლიტიკის გატარება, რომელიც ახალ რეალობასთან ადაპტირებასა და ქვეყნის ინტერესების დაცვას უზრუნველყოფს.
„საერთაშორისო სისტემაში პროცესები ისე ვითარდება, რომ ჩვენ იძულებული ვიქნებოდით ანგარიში გაგვეწია ახლად წარმოქმნილი გეოპოლიტიკური მოთამაშეების ინტერესებისთვის. ეს ბუნებრივი პროცესი იქნებოდა. შესაბამისად, სასურველი და მისაღებია ისეთი საგარეო პოლიტიკა, რომელიც მეტ-ნაკლებად ამ პროცესს ეხმიანება.
იქიდან გამომდინარე, რომ თუ ქვეყანა ამ პროცესს მიღმა დარჩებოდა, ეს გარდამავალი პერიოდი შესაძლოა მისთვის უფრო მტკივნეული ყოფილიყო. ზოგადად, პატარა ქვეყანას არ შეუძლია მსგავს გეოპოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენის მოხდენა. ასე რომ, პატარა ქვეყნის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს, რომ ობიექტის პოზიციაში არ აღმოჩნდეს, მსხვერპლად არ იქცეს და დიდ გეოპოლიტიკურ მოთამაშეებს შორის მათი ინტერესების მენიუში არ მოხვდეს“, — აღნიშნა თხელიძემ.
მისივე შეფასებით, ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენაა.
„ბუნებრივია, თავად ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნისთვის. ეს საკმაოდ მაღალი დონის პოლიტიკოსია და შესაძლოა მედიაში გამოხმაურებაც არ ყოფილა ისეთი, როგორსაც ეს ვიზიტი იმსახურებდა.
მოგეხსენებათ, ჩინეთი თითქმის ნომერი პირველი სახელმწიფოა, ხოლო ის ოფიციალური პირი, რომელიც საქართველოში იმყოფებოდა, გადაწყვეტილების მიმღებია. ჩენგის მიერ გაცხადებული ფრაზა, რომ საქართველო სამხრეთ კავკასიაში მათთვის ნომერი პირველი სახელმწიფოა ინტერესის თვალსაზრისით, ასევე მნიშვნელოვანია. ეს შეგვიძლია აღვიქვათ ჩინეთის საგარეო პოლიტიკის კონტურების გამოკვეთად კავკასიის რეგიონის მიმართ.
აქამდე ჩინეთისთვისაც გარკვეულწილად უცხო იყო კავკასიის რეგიონი. ისინი მისი შესწავლის პროცესში არიან და ჩვენთვის მისაღებია, რომ ჩინეთი ჩვენი ქვეყნით ინტერესდება“, — განაცხადა თხელიძემ.





