შალვა პაპუაშვილი: არასდროს ჩინეთის მხრიდან არ ყოფილა ისეთი დამოკიდებულება, რასაც ჩვენ ბრიუსელიდან ვხედავთ. ჩვენ ვხედავთ თანასწორობისა და პარტნიორობის პრინციპზე დამყარებულ ურთიერთობას, განსხვავებით ბრიუსელისგან
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის პირველი ვიზიტი რეგიონში და ეს პირველი ვიზიტი რომ სწორედ საქართველოში იყო, ესეც არის იმის დასტური, რომ საქართველო წინ მიდის და ძლიერდება, - განუცხადა პრაღაში ქართველ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ეს არის მათი ხელისუფლების პოლიტიკის შედეგი, რომ საქართველო იკავებს ძლიერ პოზიციებს როგორც რეგიონში, ისე გლობალურ პარტნიორებთან ურთიერთობაში.
„ეს აჩვენებს ჩინეთის განსაკუთრებულ პარტნიორულ დამოკიდებულებას სხვა ქვეყნების მიმართ. ჩვენ ვხედავთ, რომ მიუხედავად გეოგრაფიულ, ეკონომიკურ ზომაში, პოლიტიკურ ზომასა და გავლენაში სხვაობებისა, არასდროს ჩინეთის მხრიდან არ ყოფილა ისეთი დამოკიდებულება, რასაც ჩვენ ბრიუსელიდან ვხედავთ. ჩვენ ვხედავთ თანასწორობისა და პარტნიორობის პრინციპზე დამყარებულ ურთიერთობას, განსხვავებით ბრიუსელისგან, რომელიც ცდილობს, რომ ყოველთვის ქედმაღლურად, ჭკუის სწავლებით და საქართველოსა და ქართველი ხალხის დაკნინებულად წარმოდგენით, თითქოს ვინმეზე ნაკლები ვიყოთ, ამის წარმოდგენით ცდილობს, რომ თავს მოგვახვიოს სხვადასხვა პოლიტიკური გადაწყვეტილება.
ჩინეთის შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ ამ პოლიტიკურ თანამშრომლობას, რომელიც განსაკუთრებულად ეფუძნება თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპს. ჩემი ვიზიტის დროსაც პეკინში სწორედ ამ განწყობით იყო ყველა ეს შეხვედრა და ეს არის სწორედ, როგორც ჩვენ ვხედავთ საერთაშორისო ურთიერთობებს და ამ მხრივ სანიმუშოა ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა, რომელმაც უკვე სტრატეგიული ხასიათი შეიძინა გარკვეული პერიოდის წინ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, რადიკალურ ოპოზიციას გარედან დავალებული აქვს, წარმოაჩინონ, რომ საქართველო დამოკიდებული უნდა იყოს ცალკეულ მარგინალურ ევროკავშირის წევრ ქვეყანაზე.
„იქიდან რა დაკვეთა შემოუვათ, ის უნდა შეასრულოს საქართველომ და უნდა იყოს ინსტრუმენტი და იარაღი სხვის ხელში. ამას ვუყურებთ ბოლო 4 წელია. ცდილობენ, საქართველო ინსტრუმენტად გამოიყენონ იმ ომის პირობებში, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს. სამწუხაროდ, ეს არის მთავარი პრობლემა ბრიუსელის, რომ საქართველოს ხედავს რუსეთის კონტექსტში. ჩვენ არ აღგვიქვამენ, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას ჩვენი მიზნებით, ჩვენი მომავლისკენ სწრაფვით. ჩვენ გვხედავენ, რუსეთის კონტექსტში რა შეიძლება, როგორ შეიძლება, რომ გამოგვიყენონ ამ პროცესში, რომელშიც ისინი დღეს არიან რუსეთთან“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, დღეს აბუ-დაბიში დაიწყება მოლაპარაკება და მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი ბევრს ლაპარაკობს, რომ უნდა იყოს მოლაპარაკების მაგიდასთან, ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან არ იქნებიან.
„ეს არის სწორედ შედეგი იმ უმწიფარი, წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკის, რომელსაც ევროკავშირის მოქმედი ხელმძღვანელობა აწარმოებს. საბოლოო ჯამში, ეს მიიღეს, რომ დედამიწის ზურგზე დიდი სახელმწიფო არ დარჩა, რომელიც ანგარიშს უწევს ევროკავშირს. ვხედავთ, რომ ევროპის უსაფრთხოებაზე საუბარი დღეს იქნება ევროკავშირის მონაწილეობის გარეშე.
ამიტომ არის მნიშვნელოვანი, ჩვენ არ ავყვეთ ბრმად მათ საგარეო-პოლიტიკურ რჩევებს, ვინაიდან, საბოლოო ჯამში, აქ მიგვიყვანდნენ, სადაც თვითონ მივიდნენ, რომ მათი უსაფრთხოების საკითხებს დღეს სხვები წყვეტენ, მათი მონაწილეობის გარეშე“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.





