ირაკლი ყურაშვილი პარიზის მშვიდობის ფორუმზე: ეს არის მნიშვნელოვანი პლატფორმა, სადაც კიდევ ერთხელ შევძლებთ, დავაფიქსიროთ ის პრობლემები, რაც ჩვენ გადავიტანეთ, რადგან მშვიდობის ფასი ჩვენ ძალიან კარგად ვიცით
პოლიტიკა

ირაკლი ყურაშვილი
ფოტო: იმედი ვიდეო/კადრი
ეს არის მნიშვნელოვანი პლატფორმა, სადაც კიდევ ერთხელ შევძლებთ დავაფიქსიროთ ის პრობლემები, რაც ჩვენ გადავიტანეთ, რადგან მშვიდობის ფასი ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, - განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს საფრანგეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ყურაშვილმა პარიზის მშვიდობის მე-9 ფორუმზე საუბრისას.
„ძალზე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენ იმ ფაქტს, რომ ფრანგული მხარის მიერ მოწვეულია საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი პარიზის მშვიდობის მე-9 ფორუმზე. ეს არის მნიშვნელოვანი პლატფორმა, სადაც კიდევ ერთხელ შევძლებთ, დავაფიქსიროთ ის პრობლემები, რაც ჩვენ გადავიტანეთ, რადგან მშვიდობის ფასი ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. ჩვენ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები, გადატანილი გვაქვს ომები და მხოლოდ მშვიდობით შეიძლება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მიღწევა. ამიტომ ჩვენი გამოცდილება ამ ფორუმში განსაკუთრებით საინტერესოა და ალბათ, ერთ-ერთი მიზეზი, რომ ჩვენ ვართ აქ, ესაა“, - განაცხადა ირაკლი ყურაშვილმა.
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობას მიიღებს „პარიზის მშვიდობის ფორუმში“, რომლის ფარგლებშიც ბავშვთა საკითხებისადმი მიძღვნილი სამიტი იმართება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი ასევე დაესწრება საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ ელისეს სასახლეში გამართულ ოფიციალურ მიღებას.





