კონსტანტინე გამსახურდია: დღევანდელი გადასახედიდან 7 ნოემბრის აქციის სასტიკი დარბევა იყო ქვეყნის დამოუკიდებლობის და ერთიანობის მტრების შემოცურებული და, საბედნიეროდ, ჩაშლილი გეგმის პირველი ტაქტი, რასაც უნდა მოჰყოლოდა ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების სისხლიანი ესკალაცია
პოლიტიკა

კონსტანტინე გამსახურდია
ფოტო: იმედი/ვიდეოკადრი
დღევანდელი გადასახედიდან 7 ნოემბრის აქციის სასტიკი დარბევა იყო ქვეყნის დამოუკიდებლობის და ერთიანობის მტრების შემოცურებული და, საბედნიეროდ, ჩაშლილი გეგმის პირველი ტაქტი, რასაც უნდა მოჰყოლოდა ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების სისხლიანი ესკალაცია და რეპრესიები, თავისი ყველა დამანგრეველი შედეგით, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია.
როგორც ის აღნიშნავს, ფარული ჩანაწერები, რომელიც დარბევის დროს გავრცელდა, ასევე ამ გეგმის ნაწილი იყო - მათ უნდა მოჰყოლოდა დაპატიმრებები და სასამართლო პროცესები ჯაშუშობისა და სამშობლოს ღალატის ბრალდებით.
„2007 წლის 7 ნოემბერი
გაერთიანებული ოპოზიცია, რომლის ფორმირებაც 2007 წლის გაზაფხულზე დაიწყო, თავის შეკრებებს აწყობდა ძირითადად ორ ადგილას - ლევან გაჩეჩილაძის ვაკის ოფისში და რესპუბლიკური პარტიის ოფისში ჭავჭავაძის აღმართზე. პირველი ერთობლივი განცხადება გაკეთდა დედაენის ბაღში, რომელსაც ჩემ გარდა ესწრებოდნენ: ლევან გაჩეჩილაძე, კოკა გუნცაძე, კობა დავითაშვილი, ზვიად ძიძიგური, კახა კუკავა, ეკა ბესელია, სალომე ზურაბიშვილი, გუბაზ სანიკიძე, პაატა დავითაია, დავით უსუფაშვილი, თინა ხიდაშელი, დავით და ლევან ბერძენიშვილები და სხვები. აქვე დაანონსდა 2 ნოემბერს მშვიდობიანი პოლიტიკური აქციების დაწყება რუსთაველზე. ჩვენ საკმაოდ ავტონომიური ჯგუფი ვიყავით, მიუხედავად იმისა, რომ ბადრი პატარკაციშვილის „იმედი“ ეთერს ხშირად გვითმობდა, არანაირი დირექტივა ან მითითება მისგან არ ყოფილა - მიუხედავად მაშინდელი ხელისუფლების პროპაგანდისა და დიდი, კარიკატურული პლაკატისა, რომელიც ყოფილი ტელეგრაფის შენობაზე გადმოკიდეს: ზედ მოჩანდა შვიდი თუ რვა ოპოზიციონერი, რომელთაც უკანა ფონიდან ბადრის ფიგურა ძაფებით მართავდა. ერთად არც საპრეზიდენტო არჩევნებში ვყოფილვართ - ბადრიმ ცალკე იყარა კენჭი.
ამავე ოპოზიციამ მანამდე მიიღო ე.წ. „საგურამოს მანიფესტი“, სადაც საუბარი იყო ევროპულ ღირებულებებზე, ევროპულ ინტეგრაციაზეც და ნატოში გაწევრიანებაზეც.
რატომღაც ყველას ავიწყდება აქცია ზუგდიდში, რომელიც გუბერნიის შენობის წინ გაიმართა. ზუგდიდისკენ მიმავალ გზაზე ზონდერები ჩვენს მანქანებს ბორბლებში რკინისგან კუსტარულად დამზადებულ მუშტისოდენა ზღარბებს უყრიდნენ, რამაც არაერთი ავტოკატასტროფის საფრთხე შექმნა. ზუგდიდში სასტიკ დამრბევებს მოსახლეობა გაფრთხილებული ჰყავდათ, რომ გარეთ არ გამოსულიყვნენ. მიუხედავად ამისა, მიტინგზე, რომელიც მე მიმყავდა, ზუგდიდისთვის ხალხის უპრეცედენტო რაოდენობა გამოვიდა - აქციაზე 10 ათასი მონაწილე მაინც მოვიდა. მეგის ქარდავას ზონდერებმა აქცია სასტიკად დაარბიეს მაშინ, როდესაც ფაქტობრივად დასრულდა. დღემდე გაუგებარია, რა საჭიროება იყო უკვე დაშლილი აქციის დარბევა.
7 ნოემბერს უკვე თბილისში, დარბევა რომ მოხდა, აქცია უკვე დაშლის პირას და მილევად რეჟიმში იყო გადასული. ოპოზიციას მომდევნო ნაბიჯებზე არანაირი გეგმა არ ჰქონდა. თვით მისი კულმინაციის დროსაც კი, როდესაც რუსთაველი ხალხით გადაიჭედა, არცერთ ლიდერს არ მოუწოდებია ხელისუფლების დამხობისკენ, სამთავრობო შენობების შტურმისკენ და ძალოვნებზე თავდასხმებისკენ. იყო მხოლოდ ერთი მოთხოვნა - ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. დარბევა კი ოთხი იყო მაგ დღეს - ბოლო დარბევა იყო „იმედთან“.
დღევანდელი გადასახედიდან 7 ნოემბრის აქციის სასტიკი დარბევა იყო ქვეყნის დამოუკიდებლობის და ერთიანობის მტრების შემოცურებული და, საბედნიეროდ, ჩაშლილი გეგმის პირველი ტაქტი, რასაც უნდა მოჰყოლოდა ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების სისხლიანი ესკალაცია და რეპრესიები, თავისი ყველა დამანგრეველი შედეგით. ზუგდიდის აქციისა არ იყოს, დღემდე გაუგებარია, რა საჭირო იყო დარბევა: აქცია ისედაც სულს ღაფავდა.
ფარული ჩანაწერები, რომელიც დარბევის დროს გავრცელდა, ასევე ამ გეგმის ნაწილი იყო. მათ უნდა მოჰყოლოდა დაპატიმრებები და სასამართლო პროცესები ჯაშუშობისა და სამშობლოს ღალატის ბრალდებით. აღიძრა სისხლის საქმეც (მათ შორის ჩემზე და ცოტნეზეც) რომელიც მალე დაიხურა. უბრალოდ წარმოვიდგინოთ, როგორი დაპირისპირების პროვოცირება მოჰყვებოდა ამგვარ ქმედებას.
ეს საშიში გეგმა ჩაშალეს:
-ოპოზიციის ზომიერმა, ხელისუფლებასთან დიალოგზე და არა ძალადობრივ კონფრონტაციაზე ორიენტირებულმა პოლიტიკამ, არჩევნებზე დათანხმებამ, კონსტიტუციურ ჩარჩოში დარჩენამ.
-პირადად კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის შემრიგებლურმა, პოლიტიკურ დიალოგზე ორიენტირებულმა, აქტიურმა პოზიციამ.
-აშშ-ს საელჩომ და პირადად ელჩის, ჯონ ტეფტის დაუღალავმა კულისურმა დიპლომატიამ, რაც ემსახურებოდა პროცესების მთლიანად პოლიტიკურ კალაპოტში დარჩენას. ფაქტია, რომ საელჩომ პოზიტიური ზემოქმედება მოახდინა ხელისუფლებაზე.
-პოლონეთის პრეზიდენტის, აწ განსვენებული ლეხ კაჩინსკის ჩართვამ პროცესებში, რომელიც ხშირად ეკონტაქტებოდა მ. სააკაშვილს და სახელისუფლებო გუნდს. იგი შეგხვდა და გვესაუბრა ჩვენც, აღგვითქვა რა დახმარება. მადლობა მის სულს მხარდაჭერისთვის“, - წერს გამსახურდია.





