პრემიერი 4 ოქტომბრის საქმეზე: მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებმა ჩაიდინეს ძალიან მძიმე დანაშაული, სცადეს კონსტიტუციური წყობილების დამხობა, გამოვედით ჰუმანური წინადადებით და ყველას, ვინც აღიარებდა, მოინანიებდა დანაშაულს, შევთავაზეთ სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვება. მოხარული ვართ, რომ არაერთი ადამიანი სარგებლობს ამ წინადადებით
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებმა ჩაიდინეს ძალიან მძიმე დანაშაული, მათ სცადეს კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ჩვენ გამოვედით ჰუმანური წინადადებით და ყველას, ვინც აღიარებდა, მოინანიებდა დანაშაულს, შევთავაზეთ სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც 4 ოქტომბრის საქმეს ეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ვინც სხვანაირად უყურებს მის მიერ წარსულში ჩადენილ დანაშაულს, მას უნდა ეპატიოს ეს დანაშაული.
„პირველ რიგში, ჩვენ გვაქვს ჩვენი ჰუმანური დამოკიდებულება. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებმა ჩაიდინეს ძალიან მძიმე დანაშაული, მათ სცადეს კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ჩვენ გამოვედით ჰუმანური წინადადებით და ყველას, ვინც აღიარებდა, მოინანიებდა დანაშაულს, შევთავაზეთ სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვება. მოხარული ვართ, რომ შესაბამისი ნაბიჯი გადადგა არაერთმა ადამიანმა. მიუხედავად იმისა, რომ მათ მძიმე დანაშაული ჩაიდინეს, ჩვენ გამოვედით ჰუმანური აქტით და შევთავაზეთ ასეთი რამ შესაბამის სამართალდამრღვევებს. კიდევ ერთხელ მოხარული ვართ, რომ არაერთი ადამიანი სარგებლობს ამ წინადადებით. ისინი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან და ეს ყველამ მხედველობაში უნდა მივიღოთ. შესაბამისად, ვინც სხვანაირად უყურებს მის მიერ წარსულში ჩადენილ დანაშაულს, მას უნდა ეპატიოს ეს დანაშაული“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





