რევაზ სოხაძე: ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად წარიმართოს სამშენებლო პროცესები სკოლებთან მიმართებით, იმიტომ, რომ მართლაც ეგზისტენციალური გამოწვევაა ეს ოჯახებისთვის და ბავშვებისთვისაც, თუმცა ეს სისწრაფე ვერ იქნება ხარისხის ხარჯზე
პოლიტიკა

რევახ სოხაძე
ფოტო: Imedi/ვიდეოკადრი
რევაზ სოხაძემ „ღია ეთერში“ თბილისის 166-ე საჯარო სკოლაზე ილაპარაკა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დეტალური პასუხი გასცა ასოცირებული პროფესორის მაია გელაშვილის კითხვებს სკოლის დემონტაჟისა და მშენებლობის თარიღების შესახებ.
„უკვე წლის ბოლოსთვის მზად ვიქნებით, შესაბამისი პროექტით გამოვაცხადოთ სამშენებლო ტენდერი. როდესაც თქვენ ამბობთ - ვინ იქნება ხარისხზე პასუხისმგებელი, შემიძლია გიპასუხოთ, რომ ხარისხზე პასუხისმგებელი ვიქნები მე და მე გავუწევ კონტროლს იმას, რომ ყველა სკოლა ხარისხიანად აშენდეს. ხარისხი არის ჩვენთვის უპირველესი. ჩვენი ვარაუდით, ამ სკოლის მშენებლობას დაახლოებით 3 წელი დასჭირდება. მშენებლობის ვადებთან დაკავშირებით ერთ-ერთ გადაცემაში ვახსენე, რომ სკოლებში შეიძლება შენდებოდეს 3, 4, 5 წელი. ამ დროს გაივლი რომელიმე უბანში და უცბად ახლად აღმოცენებული 10-სართულიანი კორპუსი შეიძლება დაგხვდეს და შემდეგ ეს ჩემი ნათქვამი ბევრი სკოლის პედაგოგთან შეხვედრაზე უკან დამიტრიალდა და ეს ნამდვილად ასეა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, თუმცა სპეციფიკა განსხვავებულია, სტანდარტით სხვა არის, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად წარიმართოს სამშენებლო პროცესები სკოლებთან მიმართებით, იმიტომ, რომ მართლაც ეგზისტენციალური გამოწვევაა ეს ოჯახებისთვის და ბავშვებისთვისაც, თუმცა ეს სისწრაფე ვერ იქნება ხარისხის ხარჯზე“, - განაცხადა მინისტრმა.
სოხაძემ მოდულური სკოლების პროექტზეც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ ბევრისთვის ეს ქილიკის საგანი აღმოჩნდა. მინისტრმა განმარტა, რომ ამ შემთხვევაში საქმე ეხება რეგიონებს, სადაც რეაბილიტაციის დროს ბავშვებს მეზობელ სოფლებში უწევთ სკოლაში სიარული. სოხაძის თქმით, მოთხოვნა ამ პროექტზე ძალიან დიდია და სამინისტროში უკვე იციან, სად იქნება პირველი 10 მოდულური სკოლა.





