აკაკი ალადაშვილი ევროკავშირთან ურთიერთობაზე: თუ იქნება სამართლიანი, თანასწორუფლებიანობაზე დაფუძნებული მიდგომა, დადებითი ტენდენციებიც გვექნება ურთიერთობაში
პოლიტიკა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აკაკი ალადაშვილი საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობებს „დღის ქრონიკაში“ გამოეხმაურა. დეპუტატის განცხადებით, ქართული მხარე ინარჩუნებს ოპტიმიზმს და განაგრძობს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, მათ შორის ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებების ფარგლებში.
ალადაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ სამომავლო თანამშრომლობის ტენდენცია დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დაეყრდნობა პარტნიორობა თანასწორუფლებიანობისა და ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებს.
„თუ იქნება სამართლიანი, თანასწორუფლებიანობაზე დაფუძნებული მიდგომა, თუ იქნება ის იდეა, რომლის გარშემოც ევროკავშირი შეიქმნა - მშვიდობა, თანასწორობა, პოლიტიკური პლურალიზმი, მაშინ, რა თქმა უნდა, დადებითი ტენდენციებიც გვექნება მათთან ურთიერთობაში. თუ გააგრძელებენ ისეთ დამოკიდებულებას, როგორსაც დღეს ვიღებთ - ბატონყმურ, ვასალურ დამოკიდებულებას, რომ უნდა ვიდგეთ ცალ ფეხზე, შევასრულოთ მათი დავალებები, როგორიცაა მაგალითად ომში ჩართვა, ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონის გაწვევა, გამჭვირვალობის კანონის გაწვევა, რუსეთისთვის სანქციების დაწესება და საკუთარი ეკონომიკის ჩამოშლა, მაშინ რთული იქნება რამე საერთო წერტილის პოვნა ამ დიალოგში“, - მიიჩნევს ალადაშვილი.



