აკაკი ალადაშვილი: ყოვლად გააუფასურეს პოლიტპატიმრის ცნება, ვისაც არ დაეზარება, ყველას პოლიტპატიმარს ეძახიან
პოლიტიკა

აკაკი ალადაშვილი
ფოტო: ვიდეოკადრი
ყოვლად გააუფასურეს პოლიტპატიმრის ცნება, ვისაც არ დაეზარება, ყველას პოლიტპატიმარს ეძახიან, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აკაკი ალადაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
მისი თქმით, გარე ძალები და მათი მომხრეები პოლიტპატიმრებს ეძახიან ისეთ ადამიანებს, რომლებსაც არაერთხელ ჰქონდათ სახელმწიფოს დამხობისა და რევოლუციის მოწყობის მცდელობა.
„ყოვლად გააუფასურეს პოლიტპატიმრის ცნება, ვისაც არ დაეზარება, ყველას პოლიტპატიმარს ეძახიან. პოლიტპატიმრებს ეძახიან ადამიანებს, რომლებმაც 4 ოქტომბერს უბიძგეს ხალხს და აქეზებდნენ დანაშაულის ჩადენისკენ. 4 ოქტომბრის წინა სამზადისის პერიოდშიც აქეზებდნენ, რომ დანაშაული ჩაედინათ და სახელმწიფო დაემხოთ. 4 ოქტომბერს ყველამ კარგად ვნახეთ, რაც გააკეთეს. იძალადეს, ჰქონდათ სახელმწიფოს დამხობისა და რევოლუციის მცდელობა. ასეთ ადამიანებს ეძახიან პოლიტპატიმრებს და ეს ტერმინიც სრულად გააუფასურეს. ვიცით ჩვენ ცნობილი პოლიტპატიმრები, როგორებიც იყვნენ განდი, მარტინ ლუთერ კინგი, ნელსონ მანდელა და ახლა ყველას ეძახიან პოლიტპატიმარს“, - აღნიშნა ალადაშვილმა.
მისივე თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუციებში სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნის ჩაწერით, გარე ძალები სააკაშვილსა და მის მომხრეებს აჩვენებენ, რომ მის გვერდით დგანან.
„მიხეილ სააკაშვილსაც აჩვენებენ, რომ მის გვერდში არიან, თორემ ძალიან კარგად ვიცით ჩვენც და, დარწმუნებული ვარ, მათაც, რომ კონკრეტული დანაშაულებები აქვს ჩადენილი მიხეილ სააკაშვილს, რის გამოც ის იხდის სასჯელს. შესაბამისად, მათი მოწოდება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე, რომელიც ყველა რეზოლუციაში ჰქონდათ ჩადებული, არ არის ჩვენთვის ახალი“, - აღნიშნა ალადაშვილმა.



