მაია ბითაძე: ახლა პოლიტიკური ისტერიკების დრო არ არის
პოლიტიკა

მაია ბითაძე
ფოტო: თბილისის მერია
ოპოზიცია ცდილობს რომ 10, 20 წლით უკან დაგვაბრუნონ,რაც ქართველ ხალხს აღარ უნდა, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საარჩევნო სიის წევრმა, მაია ბითაძემ „postv“-ის ეთერში განაცხადა.
„ამ ქვეყანას ახლა არ აქვს იმის დრო, რომ მარაზმზე დრო დავკარგოთ, ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი, პანდემია ძალიან სერიოზული გამოწვევაა, ამ სიტუაციაში პოლიტიკური ისტერიკების მოწყობის დრო ნამდვილად არ არის. დროა ოპოზიციამ დროულად ითანამშრომლოს ახალ პარლამენტთან“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
საარჩევნო უბნებზე ხმების 100% დათვლილია. შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ - 48,15 %; „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 27,14%; „ევროპული საქართველო“ - 3.78%; „ლელო“ – 3,15%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %; „გირჩი“ – 2,89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1%. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, მათ ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ. საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლება და პროცედურების უმეტესობა დაცული იყო.
ოპოზიციის ნაწილი აქციებს აანონსებს. ისინი აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბებულია და ერთიან სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ. მათი ერთ-ერთი სცენარი არის ის, რომ ბოიკოტი გამოაცხადონ, უარი თქვან მანდატებზე და არ შევიდნენ პარლამენტში.
მანდატებზე უარი უკვე ოფიციალურად თქვეს „პატრიოტთა ალიანსმა“, „ევროპულმა საქართველომ“, „ლეიბორისტულმა პარტიამ“,„ლელომ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“.





