ევროპარლამენტი: გვსურს მივულოცოთ ევროკავშირის მთავარ მოკავშირეს, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის წარმატებით ორგანიზება
პოლიტიკა

ფოტო: Shutterstock.com
ევროპარლამენტის წამყვანი დეპუტატები საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურს ეხმაურებიან.
„გვინდა მივულოცოთ ევროკავშირის მთავარ მოკავშირეს, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის წარმატებით ორგანიზება, მიუხედავად რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა.
8 მარტს საქართველოს მთავარ პოლიტიკურ პარტიებს შორის ისტორიული შეთანხმების ხელმოწერისა და ზაფხულის დასაწყისში საარჩევნო რეფორმის პაკეტის მიღების შემდეგ, რომელიც ითვალისწინებდა ეუთო / ოდირის რეკომენდაციებს, ეს მნიშვნელოვანი მომენტია როგორც ხელისუფლების, ასევე პოლიტიკური პარტიების დემოკრატიული პროცესებისა და კანონის უზენაესობის დაცვის კუთხით ვალდებულების შესაფასებლად.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პრიორიტეტული ქვეყანაა დემოკრატიის მხარდაჭერის პროგრამისთვის, COVID-19-ის პანდემიისა და მასთან დაკავშირებული სამგზავრო და სანიტარული შეზღუდვების გამო, ევროპარლამენტმა ვერ შეძლო დელეგაციის გაგზავნა ამ არჩევნებზე დასაკვირვებლად. ამის მიუხედავად, ეუთო / ოდირმა შეძლო შეზღუდული სადამკვირვებლო მისიის განთავსება. არჩევნების დღეს ისინი შეუერთდნენ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ გაგზავნილ დამკვირვებლებს.
ჩვენ ვითვალისწინებთ, რომ ეს არჩევნები კონკურენტუნარიანი აღმოჩნდა და ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო, ამომრჩევლებზე ზეწოლის სავალალო შემთხვევებისა და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ხაზის გაბუნდოვნების მიუხედავად.
კანდიდატებს შეეძლოთ თავისუფლად ეწარმოებინათ კამპანია, რაც ამომრჩეველს ნამდვილ არჩევანს აძლევდა სხვადასხვა პლატფორმას შორის. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან ინტერესისა და ჩართულობის დონე ასევე წარმოადგენს ამ არჩევნების პოზიტიურ მახასიათებელს.
მედია და პოლიტიკური ლანდშაფტი კვლავ ძალზე პოლარიზებულია, რაც ყველა მხრიდან მკაცრ რიტორიკაში აისახა, თუმცა უფრო მცირე მასშტაბით, ვიდრე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, რაც პოზიტიური მოვლენაა. საჭიროა კამპანიის დაფინანსების საკითხის შემდგომი განხილვა ეუთო / ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად.
ჩვენ ვაფასებთ იმას, რომ პრაგმატული გადაწყვეტილებები იქნა ნაპოვნი იმისათვის, რომ კარანტინში მყოფ და თვითიზოლირებულ მოქალაქეებს ხმის მიცემა შეძლებოდათ სპეციალურ საარჩევნო უბნებში.
ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის / სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონებში მოქალაქეებს კიდევ ერთხელ ჩამოერთვათ ხმის მიცემის უფლება.
დღეს, პირველი ტურის შემდეგ და მეორე ტურის წინ, ჩვენ სიმშვიდისკენ მოვუწოდებთ. ყველა შესაძლო საჩივარი, რომელიც დასაბუთებულია და მტკიცებულების გარკვეული ელემენტით არის გამაგრებული, უნდა განიხილონ სამართლიანი, გამჭვირვალე და სრულყოფილი ფორმით.
ევროპარლამენტი ყურადღებით დააკვირდება შემდგომ მოვლენებს, მათ შორის მეორე ტურის დღეს. ჩვენ ველით შემდგომ თანამშრომლობას ახლადარჩეულ პარლამენტთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, - ნათქვამია ევროპარლამენტის განცხადებაში.





