ალექსანდრე ხვთისიაშვილი: თურქეთთან საზღვრის გახსნა საკმაოდ წინდაუხედავი მოთხოვნაა
პოლიტიკა

ალექსანდრე ღვთისიაშვილი
ფოტო: არქივი
თურქეთთან საზღვრის გახსნა საკმაოდ წინდაუხედავი მოთხოვნაა, როდესაც ოპოზიცია ასეთ მოთხოვნას აყენებს ბევრი ფაქტორი უნდა ჰქონდეს გათვალისწინებული , - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.
„დღევანდელი დილის სტატისტიკით თურქეთში 24 საათში 1 800-ზე მეტი ინფიცირებული ადამიანი ჰყავთ, რაც საკმაოდ რთულ ვითარებას ნიშნავს. თურქეთს ყურადღებით ვაკვირდებით, რადგან ის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და გვინდა მასთან საზღვარი გახსნილი გვქონდეს, გვინდა იმავე რეჟიმში აღვადგინოთ ვაჭრობა ან სხვადასხვა ტვირთის სატრანზიტო მიმოსვლა.
თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ თურქეთთან საზღვარი ჩვენი მხრიდან ბოლომდე ჩაკეტილი არაა. არის ადამიანების კატეგორია, რომლებსაც შეუძლიათ გადასვლა. ესენი არიან: ბინადრობის უფლების მქონე პირები, ასევე ადამიანები, რომლებიც გადადიან ოჯახის გაერთიანების მიზნით და რომლებსაც სამუშაო ვიზა აქვთ. როდესაც არის ნათელი მაგალითი იმის, რომ ადამიანი თურქეთში სამუშაოდ მიდის, თურქეთის საზღვართან მას შეფერხება არ აქვს და თავისუფლად შეუძლია საზღვრის გადაკვეთა. ასეთი რეჟიმით მუშაობს ბევრი ქვეყანა. ოპოზიცია თუ კარგად გააკეთებს ანალიზს და შეხედავს სხვადასხვა ქვეყანას, ნახავს რომ გაცილებით მძიმე პირობებიც აქვთ შემოღებული“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
საქართველო საზღვარს ამ ეტაპზე გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს გაუხსნის.
ევროპის 5 ქვეყნისთვის საზღვრის გახსნა ოპოზიციისთვის მორიგი კრიტიკის საფუძველი გახდა. „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ქვეყნების შერჩევის პრინციპი გაუგებარია და გადაწყვეტილებაში რისკებს ხედავენ.
„ევროპული საქართველო“ კი მთავრობას მოუწოდებს რეგულაციებით გახსნას სახმელეთო საზღვარი თურქეთთან.





