დემნა დევდარიანი
არჩილ თალაკვაძე აშშ-ში გამართული შეხვედრების შემდეგ: ორი ქვეყნის სტრატეგიულ ურთიერთობებს არავითარი საფრთხე არ ემუქრება
პოლიტიკა

ფოტო: IMEDI
მომდევნო თვეების განმავლობაში მაღალი რანგის 4 დელეგაციის ვიზიტი იგეგმება ამერიკის შეერთებულ შტატებში, რაც მთავარ პარტნიორ სახელმწიფოსთან სტრატეგიული კომუნიკაციის გაძლიერების სურვილით არის განპირობებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს აშშ-ში ვიზიტად მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოს დელეგაცია ვაშინგტონს კონკრეტული წინადადებებით, გეგმებითა და ინიციატივებით ესტუმრა და ორი ქვეყნის სტრატეგიულ ურთიერთობებს არავითარი საფრთხე არ ემუქრება.
„ძალიან დატვირთული დღე გვქონდა, შევხვდით კონგრესის წევრებს და სასიხარულო იყო ჩემთვის იმის მოსმენა, რომ საქართველოს აქვს ძლიერი მხარდაჭერა აშშ-ის კონგრესში და საქართველოს მიმართ არსებობს დიდი ნდობა და ოპტიმიზმი. ჩვენ ვართ რეგიონში აშშ-ის ყველაზე საიმედო მოკავშირე და პარტნიორი და, რა თქმა უნდა, ამას მომავალშიც არანაირი საფრთხე არ ემუქრება. კითხვები, რომლებიც კონგრესის წევრებს ჰქონდათ და რაც წერილებში იყო გამოხატული, მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს მიმართ არსებობს ძალიან მაღალი ინტერესი და მოლოდინები, როგორც იმ ქვეყნის მიმართ, რომელსაც ყოველწლიურად აქვს ხელშესახები პროგრესი უსაფრთხოების, დემოკრატიის, ეკონომიკის და სხვა სფეროებში“, - განაცხადა თალაკვაძემ.
საპარლამენტო დელეგაციის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში ამერიკელ კონგრესმენებსა და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნებთან შეხვედრებს მართავენ. ვიზიტის პირველ დღეს ქართველ კანონმდებლებს ამერიკის კონგრესში უმასპინძლეს, სადაც 20-მდე კონგრესმენთან გაიმართა შეხვედრა.
საპარლამენტო დელეგაცია ვაშინგტონში 10 თებერვლამდე დარჩება. ვიზიტის მომდევნო დღეებში დაგეგმილია მაღალი რანგის შეხვედრები სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელთან ფილიპ რიკერთან, ასევე ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისრატორის წარმომადგენელ ბროკ ბიერმანთან.





