ევროპული საქართველო არჩევნების ბოიკოტირებას არ გამორიცხავს
პოლიტიკა

დავით ბაქრაძე
ფოტო: არქივი
ევროპული საქართველოს ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, პარტიის ნაბიჯები მკვეთრი იქნება, ასევე პარტია არ გამორიცხავს არჩევნების ბოიკოტირებასაც. ბაქრაძის შეფასებით, ქვეყანა მძიმე პოლიტიკურ კრიზისში შევიდა.
"ამ კრიზისის ფასს, სამწუხაროდ, გადაიხდის ყველა, მთელი საქართველო. მაგრამ ამ კრიზისის ფასი უნდა გადაიხადოს იმან, ვინც ეს შექნა, ეს არის "ქართული ოცნება", მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობა და პირადად ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ უახლოეს დღეებში ჩვენ განვიხილავთ ნაბიჯებს. არ გამოვრიცხავ არაფერს, დაწყებული არჩევნების ბოიკოტით. ჩვენი ნაბიჯები იქნება მკვეთრი. ამ ნაბიჯით „ქართულმა ოცნებამ“ სხვა გამოსავალი არ დაგვიტოვა", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
დეპუტატ გიგა ბოკერიას განცხადებით, "ეს არის ახალი და ძალიან ცუდი რეალობა საქართველოსთვის, რომელიც ცუდად დამთავრდება, მათ შორის ივანიშვილისთვის".
"ამ ახალ რეალობაში არც ერთი რადიკალური ნაბიჯი არ არის გამორიცხული იმის ჩათვლით, რომ აქტიური ბოიკოტი იყოს ამ სისტემით არჩევნების ჩატარების. ეს პოლიტიკური სისტემა ვეღარ იარსებებს, ვეღარ იარსებებს ივანიშვილი სისტემა", - განაცხადა ბოკერიამ.
პარლამენტთან ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი, ირმა ინაშვილი პარტიების, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის", მხარდამჭერებს მობილიზაციისკენ მოუწოდებს, რათა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ პროექტის ჩაგდება გააპროტესტონ. ირმა ინაშვილის თქმით, "ახლა აღარ არის გარჩევის დრო, ესა და ის პარტია, ყველამ უნდა გააერთიანოს ძალები".
პარლამენტში პროპორციულის ჩაგდებასთან დაკავშირებით Facebook-ლაივის დროს მიხეილ სააკაშვილმაც ილაპარაკა და თქვა, რომ "23 ნოემბერი მოდის და ხალხი უნდა დაირაზმოს".
პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით, ნულოვანი ბარიერის პირობებში, ჩატარებასთან დაკავშირებით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა. 101 დეპუტატი მომხრე, 3 კი წინააღმდეგი იყო. უკვე ცნობილია, ვინ დაუჭირა და არ დაუჭირა მხარი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას.





