ირაკლი კობახიძე პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელზე: ამ სარჩელში მარტივი საკითხია დასმული, ეს პოლიტიკური პარტიები არ აღიარებენ არსებული კონსტიტუციური წყობილების ლეგიტიმურობას და ვიღაცამ უნდა გადაწყვიტოს, ვინ არის მართალი - ისინი უხეშად და თავხედურად უპირისპირდებოდნენ მთელი ამ წლების განმავლობაში საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებას, შესაბამისად, ახლა უწევთ არგუმენტების გარეშე წარდგნენ საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
ამ სარჩელში მარტივი საკითხია დასმული, ეს პოლიტიკური პარტიები არ აღიარებენ არსებული კონსტიტუციური წყობილების ლეგიტიმურობას და მარტივად, ვიღაცამ უნდა გადაწყვიტოს, ვინ არის მართალი , - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სომხეშთი ჟურნალისტებს პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელთან დაკავშირებით.
მთავრობის მეთაურის თქმით, იმის გამო, რომ ამ პარტიებს არ აქვთ საკონსტიტუციო სასამართლოში საკუთარი არგუმენტების იმედი, მიმართავენ არა საკონსტიტუციო სასამართლოს, არამედ, საზღვარგარეთ საკუთარ პატრონებს.
„მე მათ ადგილზე ვიქნებოდი კონცენტრირებული საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმირებაზე. მათ საკუთარი თავი უნდა დაიცვან საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე იმ სარჩელის წინაშე, რომელიც არის წარდგენილი სასამართლოში. მათ უნდა მოამზადონ არგუმენტები, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მათ არ აქვთ არგუმენტები და არ აქვთ საკონსტიტუციო სასამართლოში საკუთარი არგუმენტების იმედი, მიმართავენ არა საკონსტიტუციო სასამართლოს, არამედ, მიმართავენ საზღვარგარეთ საკუთარ პატრონებს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ სახეს. ამ სარჩელში მარტივი საკითხია დასმული. ეს პოლიტიკური პარტიები არ აღიარებენ არსებული კონსტიტუციური წყობილების ლეგიტიმურობას. აქ მარტივად, ვიღაცამ უნდა გადაწყვიტოს, ვინ არის მართალი.
გამოდის, რომ ან ისინი არიან მართლები თეორიულად, ან, ვინც ამას ამბობს, ის უპირისპირდება უხეშად საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებას. ეს არის საკითხი, რომელსაც გადაწყვეტს საკონსტიტუციო სასამართლო. ამ ვითარებაში ან ერთი უნდა იყოს არაკონსტიტუციური, ან მეორე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სწორედ ისინი არიან არაკონსტიტუციურები, გამომდინარე მათი განცხადებებიდან, მათი ქმედებებიდან, წარსულიდან, მათი აწმყოდან და მათი სამომავლო გეგმებიდან. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს საკითხი მარტივად უნდა გადაწყდეს საკონსტიტუციო სასამართლოში. ჩვენ ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებულ სარჩელს წარვუდგენთ საკონსტიტუციო სასამართლოს“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მათ იციან, რომ თავისი არსით არიან არაკონსტიტუციურები და ამაზე ღიად საუბრობენ.
„თვითონ, მთელი ამ წლების განმავლობაში, საუბრობდნენ საკუთარ არაკონსტიტუციურობაზე, საკუთარი ქმედებით ადასტურებდნენ საკუთარ არაკონსტიტუციურობას. ასეთ დროს არგუმენტებისგან მთლიანად ხარ დაცლილი და შესაბამისად, არ აქვთ საკუთარი არგუმენტების იმედი საკონსტიტუციო სასამართლოში. ისინი უხეშად და თავხედურად უპირისპირდებოდნენ მთელი ამ წლების განმავლობაში საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებას, შესაბამისად, ახლა უწევთ არგუმენტების გარეშე წარსდგნენ საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე“, - განაცხადა პრემიერმა.





