თურქეთმა 259 სახელმწიფო მოხელეს უფლებამოსილება შეუჩერა
მსოფლიო

თურქეთის შს მინისტრი სულეიმან სოილუ
ფოტო: AA
თურქეთმა 259 სახელმწიფო მოხელეს („მუხთარი“), შესაძლო ტერორისტული კავშირებისა და შეუფერებელი ქმედების ბრალდებით უფლებამოსილება შეუჩერა. ამის შესახებ Hurriyet Daily News-ი წერს.
ინფორმაცია თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა გაასაჯაროვა, თუმცა სულეიმან სოილუს არ დაუკონკრეტებია რა ტერორისტულ კავშირებსა და შეუფერებელ ქმედებებზეა ლაპარაკი.
„მუხთარი“ - არჩეული თანამდებობის პირია, რომელიც დაბალ ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს თურქეთში. ისინი რომელიმე პოლიტიკური გაერთიანების წევრები არ არიან. მათ მოვალეობაში სოფლებსა და რეგიონებში საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღება შედის.
2016 წლის 15 ივლისის შემდეგ თურქეთის მთავრობამ 140,000 საჯარო მოხელე ტერორისტულ ორგანიზაციებთან სავარაუდო კავშირის გამო გაათავისუფლა. ქვეყანაში გათავისუფლებების სერია მას შემდეგ დაიწყო, რაც თურქეთში სამხედროებმა სახელმწიფო გადატრიალება სცადეს.





