მარინ ლე პენმა უკრაინის ელჩს განუცხადა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში საფრანგეთი კიევს ფინანსურად ვეღარ დაეხმარება
მსოფლიო

მარინ ლე პენი
Reuters
საფრანგეთის „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა და საპრეზიდენტო კანდიდატმა, მარინ ლე პენმა, ორშაბათს, საფრანგეთში უკრაინის ელჩთან, ვადიმ ომელჩენკოსთან დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრისას განაცხადა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში საფრანგეთი უკრაინას ფინანსურ დახმარებას ვეღარ გაუწევს.
„ეროვნული გაერთიანების“ მიერ შეხვედრის შემდეგ გავრცელებული განცხადების თანახმად, პოლიტიკოსმა ამის მიზეზად საფრანგეთის საჯარო ფინანსების მძიმე მდგომარეობა დაასახელა და აღნიშნა, რომ ქვეყანა კიევის ფინანსურ მხარდაჭერას სამომავლოდ ვეღარ შეძლებს.
მიუხედავად ამისა, ლე პენმა დაარწმუნა უკრაინული მხარე, რომ საფრანგეთი კიევს ჰუმანიტარული დახმარებით, აღჭურვილობის გადაცემითა და აქტიური დიპლომატიით კვლავაც დაეხმარება.
თავდაპირველად ლე პენი აცხადებდა, რომ 2027 წლის გაზაფხულზე გამარჯვების შემთხვევაში, კიევისთვის ფინანსური ტრანშების მიწოდებას „ექვსი თვის განმავლობაში“ შეინარჩუნებდა, რის შემდეგაც დახმარებას შეწყვეტდა.
თუმცა, ორშაბათს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანდიდატი პატივს სცემს საფრანგეთის მიერ უკვე ნაკისრ ვალდებულებებს, მათ შორის ევროკავშირის მიერ 2026-2027 წლებისთვის გამოყოფილი 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხთან დაკავშირებულ პირობებს.
შეხვედრისას მარინ ლე პენმა უკრაინის ელჩს სთხოვა, ვოლოდიმირ ზელენსკის გადასცეს, რომ ის მზადაა უკრაინის პრეზიდენტს პარიზში ან ბრიუსელში შეხვდეს. თავის მხრივ, ზელენსკიმ ლე პენი უკრაინაში ოქტომბრის ბოლოს მიიწვია.
პარტიის ცნობით, მხარეებმა ასევე განიხილეს ომის დასრულების შემდეგ პარიზსა და კიევს შორის შესაძლო „სტრატეგიული პარტნიორობის“ პერსპექტივები ციფრულ სფეროში, თავდაცვის ინდუსტრიასა და ატომურ ენერგეტიკაში, რაც, ლე პენის აზრით, უკრაინის აღდგენას შეუწყობს ხელს.





