Reuters: აშშ-ის CIA-სა და ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისზე კიბერშეტევა განხორციელდა
მსოფლიო

ფოტო: Reuters
აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსა (CIA) და ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისზე (ODNI) კიბერშეტევა განხორციელდა, რომლის შედეგადაც მათი გარკვეული არასაიდუმლო ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდა. ინფორმაციას Reuters-ი ხუთ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
The New York Times-ი, თავის მხრივ, წერს, რომ კიბერშეღწევა შეეხო ქსელს, რომელიც საჯარო, არასაიდუმლო მასალებში სადაზვერვო ინფორმაციის მოძიებისა და ანალიზისთვის გამოიყენება.
გამოცემის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა ინფორმაცია აღმოჩნდა გატეხილი. სავარაუდოდ, კიბერშეტევის შედეგად სხვა სამთავრობო უწყებების ინფორმაციაც დაზიანდა.
მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისში განაცხადეს, რომ ინციდენტს „კრიტიკული შესაძლებლობებისა და საიდუმლო სისტემების მუშაობის შეფერხება არ გამოუწვევია“.
აღნიშნული შემთხვევა აშშ-ის სამთავრობო უწყებებში ბოლო პერიოდში მომხდარ ტექნიკურ შეფერხებებსა და კიბერუსაფრთხოების დარღვევებს ემატება. ცოტა ხნის წინ ჰაკერებმა აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის სისტემებშიც შეაღწიეს. კიბერშეტევება განხორციელდა FBI-ზეც - უწყებაში ორი ცალკეული შემთხვევა გამოვლინდა. კიბერუსაფრთხოების ინციდენტები შეეხო პენტაგონსა და შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტსაც, წერს Reuters-ი.





