Kyiv Independent: აშშ უკრაინაში ომის შემდგომი უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში ჯარების გაგზავნასა და სამხედრო ბაზების განთავსებას გამორიცხავს, რაც კიევის მოლოდინებს არ ამართლებს
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
ფოტო: Getty Images
აშშ-ის წარმომადგენლებმა მოლაპარაკებებისას კერძო საუბრებში გამორიცხეს უკრაინაში ამერიკული ჯარების გაგზავნა ან სამხედრო ბაზების განთავსება ომის დასრულების შემდეგ, უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში. ამის შესახებ გამოცემა Kyiv Independent-ი მოლაპარაკებებთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, ეს პოზიცია აჩენს უთანხმოებას ვაშინგტონს, კიევსა და ევროპელ მოკავშირეებს შორის იმის თაობაზე, თუ რას უნდა მოიცავდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეშფოთებულია, რომ უცხოელი სამხედროების ქვეყანაში ყოფნის გარეშე შეთავაზებული გარანტიები ვერ უზრუნველყოფს რუსეთის მხრიდან ახალი თავდასხმისგან ქვეყნის სანდო დაცვას. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ზელენსკიმ მოკავშირეებს განუცხადა, რომ არ ესმის, რას გულისხმობს აშშ-ის ვალდებულებები უკრაინაში სამხედროების ან ბაზების განთავსების გარეშე.
უთანხმოება იმ ფონზე იკვეთება, როდესაც აშშ უკრაინისთვის ნატოს წესდების მეხუთე მუხლის მსგავს უსაფრთხოების გარანტიებს განიხილავს. კიევი ითხოვს მკაფიო, წერილობით ვალდებულებებს, სადაც განსაზღვრული იქნება, როგორ იმოქმედებენ პარტნიორები რუსეთის მხრიდან ახალი თავდასხმის შემთხვევაში. ევროპელი მოკავშირეები კი კვლავ მსჯელობენ, რა როლი უნდა შეასრულონ ამ პროცესში. მოსკოვი ასეთ გარანტიებს კვლავ ეწინააღმდეგება.
19 ნოემბერს ბერლინში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის წარმომადგენლებმა ჯარედ კუშნერმა და სტივ უიტკოფმა უკრაინელ და ევროპელ ოფიციალურ პირებთან უსაფრთხოების გარანტიების საკითხი განიხილეს. კუშნერის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზად არის, განიხილოს ნატოს კოლექტიური თავდაცვის პრინციპის მსგავსი შეთანხმება.
ერთ-ერთი ამერიკელი ოფიციალური პირის განცხადებით, მოლაპარაკებებში უსაფრთხოების გარანტიები ყველაზე „იმედის მომცემ მიმართულებად“ მიიჩნევა. თუმცა ნატოს მეხუთე მუხლის მსგავსი გარანტია ალიანსის წევრობას არ ნიშნავს და ავტომატურად არ განსაზღვრავს, ვინ უპასუხებს თავდასხმას ან დაეკისრებათ თუ არა მონაწილე ქვეყნებს სამხედრო ძალის გამოყენების ვალდებულება.
ზელენსკიმ Kyiv Independent-ის კითხვაზე განაცხადა, რომ უკრაინას ამ დრომდე არ აქვს მკაფიო პასუხი, როგორ იმუშავებს შეთავაზებული შეთანხმება.
„ჯერ არაფერი არის ნათელი, რადგან კვლავ არ გვაქვს მკაფიო და ამომწურავი პასუხი, ვინ იქნება ეს კოლექტიური ჯგუფი, როგორ დაგვიცავს და იქნება თუ არა მზად აგრესორის მოსაგერიებლად“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ეს ყველაფერი წერილობით უნდა იყოს გაწერილი, თუმცა ჯერჯერობით მსგავსი დოკუმენტი არ უნახავს.
ზელენსკი დაჟინებით მოითხოვს, რომ უსაფრთხოების გარანტიების პირობები ახლავე, წერილობით განისაზღვროს. მოლაპარაკებებთან დაახლოებული ამერიკელი ოფიციალური პირის განცხადებით კი, ვაშინგტონს სურს, ეს საკითხები საბოლოო სამშვიდობო შეთანხმებაში ჩაიწეროს.
მთავარი სირთულე ის არის, რომ გარანტიები, რომლებიც უკრაინას სამშვიდობო შეთანხმების მიღებისკენ უბიძგებდა, შესაძლოა მოსკოვისთვის მიუღებელი აღმოჩნდეს. თავის მხრივ, ის პირობები, რომელთა შეთავაზებისთვისაც ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები მზად არიან, შესაძლოა კიევისთვის საკმარისი არ იყოს რუსეთის მხრიდან ახალი შეჭრის შესაკავებლად.
ნატოს დამფუძნებელი ხელშეკრულების მეხუთე მუხლის თანახმად, ერთ წევრ ქვეყანაზე თავდასხმა მთელ ალიანსზე თავდასხმად განიხილება. სხვა წევრები ვალდებული არიან, დახმარება გაუწიონ თავდასხმის ობიექტად ქცეულ ქვეყანას, თუმცა თითოეული მოკავშირე თავად წყვეტს, რა ზომებს მიიღებს, მათ შორის გამოიყენებს თუ არა სამხედრო ძალას.
ნატოს მეხუთე მუხლით გათვალისწინებულ ვალდებულებასა და მის მსგავს შეთანხმებას შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა: მეორე შემთხვევაში წინასწარ განსაზღვრული არ არის, ვინ უპასუხებს თავდასხმას, რა ფორმით იმოქმედებს და დაეკისრებათ თუ არა მონაწილე ქვეყნებს სამხედრო ძალის გამოყენების ვალდებულება.
აშშ-ის წარმომადგენლებს არ დაუკონკრეტებიათ, კონკრეტულად რა ვალდებულებების აღებას აპირებს ვაშინგტონი. ერთ-ერთი ამერიკელი ოფიციალური პირის თქმით, პაკეტი შესაძლოა მოიცავდეს „მხარდაჭერას ან სხვა ზომებს“, რომლებიც ომის დასრულების შემდეგ უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფას დაეხმარება.
კითხვაზე, ენდობა თუ არა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებულ ვალდებულებებს, ზელენსკიმ უპასუხა, რომ გარანტიები ტრამპის პრეზიდენტობის დასრულების შემდეგაც უნდა მოქმედებდეს.
„ჩვენ ჩვენს ქვეყანას მხოლოდ ორი წლის განმავლობაში არ ვიცავთ. უსაფრთხოების გარანტიები ორ წელზე მეტი ხნით გვჭირდება. სასურველია, სამუდამოდ, ან სულ მცირე, ათწლეულების განმავლობაში“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.





