The Telegraph: რუსეთი უკრაინის მოსატყუებლად ჩინეთისგან გასაბერ თვითმფრინავებს ყიდულობს
მსოფლიო

ფოტო: The Telegraph
ერთი შეხედვით, რუსული გამანადგურებლებისა და ვერტმფრენების ჯგუფი აეროდრომს ჰგავს - უკრაინული დარტყმისთვის იდეალურ სამიზნეს. თუმცა, უფრო ახლოდან დათვალიერებისას ირკვევა, რომ სამხედრო ტექნიკა სინამდვილეში გასაბერი რეზინის მაკეტებია, იუწყება The Telegraph-ი.
ტანკებით დაწყებული, სარაკეტო დანადგარებით დამთავრებული, სამხედრო ტექნიკის ყალბი მოდელები რუსეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ ომში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც სადაზვერვო დრონები მოსკოვის საჰაერო სივრცეში სულ უფრო ღრმად აღწევენ, რუსეთი კი ძვირად ღირებულ სამხედრო ტექნიკას კარგავს, წერს გამოცემა.
ყალბი თვითმფრინავების ფასი შეიძლება სულ რამდენიმე ასეული დოლარი იყოს. მათი ნაწილი რუსეთში ჩინეთიდან შედის.
The Telegraph-მა ჩინურ და რუსულ ელექტრონული კომერციის რამდენიმე პლატფორმაზე აღმოაჩინა განცხადებები, რომლებშიც რუსულ ენაზე „გასაბერი ცრუ სამიზნე თვითმფრინავები“ იყიდება. გამყიდველები ინდივიდუალური შეკვეთების მიღებასაც სთავაზობენ მომხმარებლებს. ერთ-ერთი მათგანი უკვე ასობით შესრულებული შეკვეთით იწონებს თავს.
ყველაზე დახვეწილი სარეკლამო რგოლები კომპანია Gauss-ს ეკუთვნის. სავარაუდოდ, მისი სახელწოდება გერმანელ მათემატიკოს კარლ ფრიდრიხ გაუსს უკავშირდება, რომელიც ერთ-ერთ უდიდეს მათემატიკოსად მიიჩნევა და ჩინეთშიც დიდი პატივისცემით სარგებლობს.
როგორც ჩანს, Gauss-ს რამდენიმე კომპანია და ბრენდი აქვს, მათ შორის Gauss Intelligent Equipment, Gauss Inflatables, Jiangxi Gauss და Hangzhou Gauss.
ერთ-ერთ ვიდეოში საწყის ტიტრში დიდი ასოებით წერია: „გაბერე, განათავსე, მოატყუე“. შემდეგ კამერა ქარხანაში გადადის, სადაც გასაბერი სამხედრო ტანკებია გამოფენილი. ვიდეოს მთხრობელი ამბობს: „თანამედროვე ომის სწრაფად ცვალებად პირობებში შენიღბვა მხოლოდ დამალვას აღარ ნიშნავს - ის სტრატეგიულ შესაძლებლობად იქცა, რომელსაც გამარჯვების ან მარცხის განსაზღვრა შეუძლია“.
YouTube-ზე გამოქვეყნებული ორწუთნახევრიანი სარეკლამო ვიდეო უცხოელ მომხმარებლებზეა გათვლილი - ჩინეთის ხელისუფლება ამ პლატფორმას ქვეყნის შიდა ინტერნეტსივრცეში ბლოკავს. რეკლამაში კომპანია ამტკიცებს, რომ მისი მაკეტები იმდენად რეალისტურია, რომ „ეფექტიანად იზიდავს სადაზვერვო და დამრტყმელ რესურსებს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის დაცვისა და გადარჩენის შესაძლებლობას“.
კომპანიის მტკიცებით, მისი პროდუქცია ბრძოლის ველზე უკვე გამოცდილია. მაკეტებს შეუძლიათ რეალური სამხედრო ტექნიკის სითბური გამოსხივებისა და რადიოსიხშირული სიგნალების იმიტაცია, რის შედეგადაც ისინი რადარების მოტყუებასაც ახერხებენ.
კომპანიის პროდუქციაში შედის ისეთი სამხედრო ობიექტების გასაბერი მოდელები, რომლებიც მოწინააღმდეგისთვის მნიშვნელოვან სამიზნეებს წარმოადგენს: საჰაერო თავდაცვისა და სარაკეტო სისტემები, თვითმფრინავები, ტანკები, საარტილერიო ჰაუბიცები. კომპანია ასევე აწარმოებს ყალბ ანგარებსა და შენიღბვისთვის განკუთვნილ კარვებს, რომლებსაც სითბური გამოსხივების იმიტირება შეუძლიათ. მათი გამოყენება შესაძლებელია მაკეტების შესანახად და იმ შთაბეჭდილების შესაქმნელად, თითქოს იქ სამხედრო ტექნიკის დამალული საცავია განთავსებული.
„ეს არ არის მაღალტექნოლოგიური სამხედრო წარმოება, ამიტომ მიწოდების მასშტაბების გაზრდის შესაძლებლობა ძალიან დიდია“, - ამბობს რობერტ ტოლასტი, ბრიტანული თავდაცვის კვლევითი ცენტრის, სამეფო გაერთიანებული სამხედრო კვლევების ინსტიტუტის (RUSI) სახმელეთო ომის მიმართულების მკვლევარი.
ეს უკრაინისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა, მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის 2,1 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღების მიყიდვა დაამტკიცა, წერს გამოცემა.
„როგორც კი ბრძოლის ველზე დრონებით მუდმივი მეთვალყურეობა დამკვიდრდა, სამხედრო ტექნიკის დამალვა უკიდურესად გართულდა. ასეთ პირობებში მაკეტების გამოყენება აუცილებელია, რათა მოწინააღმდეგის დარტყმები სხვა მიმართულებით გადაიტანო. დიდი ზომის ტექნიკის დამალვა რთულია“, - ამბობს მაიკლ კოფმანი, კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდის უფროსი მკვლევარი და რუსეთისა და უკრაინის სამხედრო ძალების ექსპერტი.
The Telegraph-ის ინფორმაციით, ჩინეთში წარმოებული მაკეტების გამოყენება უკრაინისთვის შეშფოთების საგანია: იაფფასიანი გასაბერი მოდელების გასანადგურებლად ძვირად ღირებული რაკეტების გამოყენება კიევისთვის ეკონომიკურად წამგებიანია. თავად უკრაინაც იყენებს ცრუ სამიზნეებს, მათ შორის ფანერისგან დამზადებულ ტანკებს.
რუსული მედიის ცნობით, 2021 წელს, უკრაინაში შეჭრამდე ერთი წლით ადრე, რუსეთმა სამხედრო დანიშნულების გასაბერი მაკეტების შესაძენად სულ მცირე 48 მილიონი რუბლი, დაახლოებით 443 000 გირვანქა სტერლინგი დახარჯა. ამ თანხით რეალური სამხედრო ტექნიკის დიდი რაოდენობის შეძენა შეუძლებელი იქნებოდა, თუმცა მაკეტების მნიშვნელოვანი მარაგის შესაქმნელად საკმარისი იყო.





