Reuters: აშშ-ის სენატმა ირანთან ომის შეწყვეტის მოთხოვნა დაბლოკა - „რესპუბლიკელებმა“ ტრამპს მხარი დაუჭირეს
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
ფოტო: Reuters
აშშ-ის სენატის „რესპუბლიკელმა“ წევრებმა მხარი არ დაუჭირეს კანონპროექტს, რომელიც დონალდ ტრამპს ირანში ომის შეწყვეტას ან მისი გაგრძელებისთვის კონგრესის თანხმობის მიღებას ავალდებულებდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ამით სენატორებმა პრეზიდენტის პოზიცია გაიზიარეს, მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე კვირის წინ შუალედურ არჩევნებში „რესპუბლიკელებმა“ მძიმე მარცხი განიცადეს, რაც დიდწილად ირანის ომის გამო ამომრჩეველთა უკმაყოფილებას უკავშირდებოდა.
კანონპროექტის წინააღმდეგ 51-მა სენატორმა მისცა ხმა, მომხრე კი 48 იყო. კენჭისყრა ძირითადად, პარტიული ნიშნით წარიმართა. საუბარია ომის უფლებამოსილების შესახებ რეზოლუციაზე, რომელიც მანამდე წარმომადგენელთა პალატას უკვე მიღებული ჰქონდა.
აშშ-ის კონსტიტუციის თანახმად, ომის გამოცხადების უფლება მხოლოდ კონგრესს აქვს და არა პრეზიდენტს. „დემოკრატები“ აცხადებენ, რომ ტრამპმა შესაძლოა, ქვეყანა ხანგრძლივ კონფლიქტში ჩაითრია ისე, რომ ომის მკაფიო სტრატეგია არ წარუდგენია.
რეზოლუციას მხარი მხოლოდ სამმა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა დაუჭირა: სიუზან კოლინზმა მაინიდან, ლიზა მურკოვსკიმ ალასკიდან და რენდ პოლმა კენტუკიდან. ერთმა „დემოკრატმა“, პენსილვანიის წარმომადგენელმა ჯონ ფეტერმანმა კი, „რესპუბლიკელებთან“ ერთად, რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა.
ეს იყო ირანის ომის დაწყების შემდეგ პირველი კენჭისყრა კონფლიქტის საკითხზე, 3 ნოემბრის შუალედურ არჩევნებში „დემოკრატების“ გამარჯვების შემდეგ. ტრამპის თანაპარტიელებმა, რომლებიც იშვიათად უპირისპირდებიან პრეზიდენტს, მხარი დაუჭირეს აშშ-ისა და ისრაელის ომს ირანის წინააღმდეგ, რომელიც 28 თებერვალს დაიწყო.
13-16 ნოემბერს ჩატარებული Reuters/Ipsos-ის გამოკითხვის თანახმად, ირანში აშშ-ის სამხედრო ოპერაციებს ამერიკელების მხოლოდ 31% უჭერს მხარს.





