ნიკოლ ფაშინიანი: TRIPP-ის პროექტის დაწყებას ხვალ ოფიციალურად გამოვაცხადებთ
მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი
ფოტო: სომხეთის მთავრობა
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, 22 ნოემბერს „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) პროექტის დაწყება ოფიციალურად გამოცხადდება.
მისი თქმით, პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ენერგეტიკა და ელექტროენერგიის ტრანზიტი იქნება.
ამის შესახებ ფაშინიანმა ტექნოლოგიური გამოფენისა და კონფერენციის — Digitec 2026-ის ფარგლებში, NVIDIA-ს ვიცე-პრეზიდენტთან, რევ ლებარედიანთან გამართულ დისკუსიაზე განაცხადა, რომლის თემაც იყო „სომხეთის შესაძლებლობები ხელოვნური ინტელექტის სფეროში - იდეიდან მოქმედებამდე“.
„ხვალ ოფიციალურად გამოვაცხადებთ TRIPP-ის პროექტის დაწყებას. ამ პროექტის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ენერგეტიკა და ელექტროენერგიის ტრანზიტი. ჩვენ ჩვენს ელექტროენერგეტიკულ ქსელს თურქეთისა და აზერბაიჯანის ქსელებთან დავაკავშირებთ. ამ მიმართულებით სომხეთი უკვე დაკავშირებულია საქართველოსა და ირანთან. ვახორციელებთ ინვესტიციებს, რათა ელექტროენერგიის გადაცემა უფრო ეფექტიანი გახდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და წარმოუდგენელი ტრანსფორმაციაა“, - განაცხადა ფაშინიანმა.
აღსანიშნავია, რომ 28 ოქტომბერს სომხეთის პარლამენტმა 63 ხმით 32-ის წინააღმდეგ TRIPP-ის პროექტთან დაკავშირებით, სომხეთსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ჩარჩო შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.
12 ნოემბერს კი სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც აღნიშნული შეთანხმების რატიფიცირება დამტკიცდა.





