ჯარედ კუშნერი: უკრაინელი და ევროპელი პარტნიორების მონაწილეობით, უახლოეს მომავალში მრავალმხრივი შეხვედრის გამართვას ვგეგმავთ
მსოფლიო

ჯარედ კუშნერი
ფოტო: Getty Images
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სიძე და მისი წარმომადგენელი ჯარედ კუშნერი აცხადებს, რომ უკრაინისა და ევროპელი პარტნიორების მონაწილეობით, უახლოეს მომავალში მრავალმხრივი შეხვედრის გამართვისთვის მზადება მიმდინარეობს.
მისი თქმით, შეხვედრის დღის წესრიგზე მუშაობა უკვე დაიწყეს. პარალელურად, კუშნერი და სტივ უიტკოფი რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვს ესაუბრნენ და სამშვიდობო პროცესის პროგრესი და შემდგომი ნაბიჯები განიხილეს.
კუშნერის განცხადებით, მათ ასევე გამართეს პროდუქტიული სატელეფონო საუბარი უკრაინისა და ევროპელი პარტნიორების წარმომადგენლებთან, მათ შორის გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და იტალიის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლებთან, ასევე ევროკავშირისა და ნატოს წარმომადგენლებთან.
„განვიხილეთ, როგორ შევუწყოთ ხელი ევროპასა და რუსეთს შორის პირდაპირი დიალოგის დაწყებას, რომელიც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ძირითადად, არ არსებობდა. მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარემ უშუალოდ მოისმინოს ერთმანეთის შეშფოთება და წინადადებები, მაშინ, როდესაც ევროპისთვის უფრო სტაბილური და უსაფრთხო მომავლის შექმნაზე ვმუშაობთ“, - წერს კუშნერი სოციალურ ქსელ X-ში.
მისივე თქმით, მხარეებმა მომდევნო მრავალმხრივი შეხვედრის დღის წესრიგის მომზადებაც დაიწყეს და მის უახლოეს მომავალში გამართვას გეგმავენ.
კუშნერის განცხადებით, მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი საკითხი უკრაინაში ომის დასრულება და ომის შემდგომი უსაფრთხოების ისეთი მექანიზმების შექმნა იყო, რომლებიც მომავალში ახალი ომების ალბათობას შეამცირებს.
„ნატო ევროპული უსაფრთხოების კრიტიკულ საყრდენად დარჩება. ჩვენი მიზანია, დავეყრდნოთ ევროპაში უკვე არსებულ ინსტიტუტებსა და შეთანხმებებს და გავაძლიეროთ უსაფრთხოების ვალდებულებები, კომუნიკაცია, გამჭვირვალობა და ესკალაციის განმუხტვის მექანიზმები, რათა მიღწეული მშვიდობა მდგრადი იყოს“, - აღნიშნავს კუშნერი.
მისი განმარტებით, როდესაც ერთი წლის წინ მან და სტივ უიტკოფმა ეს სამუშაო დაიწყეს, უკრაინისთვის წარმატებული შედეგის ძირითად პირობად სუვერენული, უსაფრთხო და ეკონომიკურად აყვავებული ქვეყნის შექმნა განსაზღვრეს, რომელსაც საკუთარი მომავლის დამოუკიდებლად განსაზღვრის შესაძლებლობა ექნებოდა.
კუშნერი გამოყოფს სამ ძირითად მიმართულებას, რომლებზეც გასული წლის განმავლობაში უკრაინასთან და ევროპელ პარტნიორებთან ერთად მუშაობდნენ:
უსაფრთხოების გარანტიები - ძლიერი და სანდო გარანტიები, რომლებიც უკრაინას მომავალში შესაძლო აგრესიისგან დაიცავს;
ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა - გზა, რომელიც უკრაინის გრძელვადიან მომავალს ევროპას დაუკავშირებს;
ომის შემდგომი ეკონომიკური განვითარება - ევროპელ პარტნიორებთან, მსოფლიო ბანკთან და სხვა მხარეებთან შემუშავებული ყოვლისმომცველი გეგმა, რომელიც უკრაინის ფინანსურ სტაბილურობას, აღდგენას, ინვესტიციების მოზიდვასა და გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს.
კუშნერის შეფასებით, ამ კომპონენტებმა უკრაინას უნდა მისცეს ძალა, უსაფრთხოება, თავისუფლება და თავდაჯერებულობა, რათა რუსეთთან დარჩენილი რთული საკითხების განხილვა და საკუთარი მოსახლეობისთვის უკეთესი მომავლის შექმნა შეძლოს.
მისივე თქმით, საბოლოო სამშვიდობო შეთანხმებას როგორც რუსეთი, ისე უკრაინა უნდა დაეთანხმოს.
„მიუხედავად იმისა, რომ საჯარო დისკუსიების დიდი ნაწილი მხარეებს შორის არსებულ უთანხმოებებს ეთმობა, ჩვენ კვლავ ვხედავთ პოზიტიურ და კონსტრუქციულ იდეებს, რომლებიც საჯარო ყურადღების მიღმა, სერიოზული მოლაპარაკებების შედეგად ჩნდება. ეს კომუნიკაცია შესაძლო გადაწყვეტილებების მოძიებასა და დარჩენილი უთანხმოებების შემცირებაში გვეხმარება“, - წერს კუშნერი.
მისი განცხადებით, მნიშვნელოვანი გამოწვევები კვლავ არსებობს და საბოლოო შეთანხმება რთული გადაწყვეტილებების მიღებას მოითხოვს, თუმცა რუსეთთან, უკრაინასა და ევროპასთან მჭიდრო კოორდინაციით მხარეები პროგრესს აღწევენ.





