Euronews: ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების გუნდში იტალია და პოლონეთი დაამატეს - კაია კალასი სპეციალური წარმომადგენლის პოზიციისთვის იბრძოდა
მსოფლიო

ანტონიუ კოშტა
ფოტო: Getty Images
Euronews-ის ინფორმაციით, ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ომის დასრულების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებში ევროპას ერთობლივი გუნდი წარმოადგენს. მასში საფრანგეთი, გერმანია, იტალია, პოლონეთი და გაერთიანებული სამეფო შევლენ.
გაერთიანებული სამეფო ევროკავშირის წევრი არ არის, თუმცა E3-ის ფორმატში მონაწილეობს. მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობას მიიღებენ ევროპული საბჭო, ევროკომისია და ნატო.
გადაწყვეტილება ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში გამართულ არაფორმალურ სამიტზე მიიღეს. შეხვედრის მთავარი საკითხი უკრაინის სამშვიდობო პროცესში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის შესაძლებლობა იყო. ევროკავშირს ერთიანი წარმომადგენლის დანიშვნისკენ მოუწოდებდნენ უკრაინა, შეერთებული შტატები და რუსეთიც.
სამიტამდე იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ სამშვიდობო პროცესში სხვადასხვა ხმისა და პოზიციის „არეულობა“ გააკრიტიკა და ევროპისთვის ერთიანი წარმომადგენლის დანიშვნა მოითხოვა.
ამის ნაცვლად, როგორც Euronews-ი იუწყება, ევროკავშირის ლიდერებმა მოლაპარაკებებში უკვე არსებული ჯგუფის გაფართოება გადაწყვიტეს და მას იტალია და პოლონეთი დაამატეს. ვარშავა მანამდე მკაფიოდ აფრთხილებდა დასავლეთ ევროპის ქვეყნებს, რომ აღმოსავლეთ ევროპის სახელით გადაწყვეტილებები არ მიეღოთ.
„ჩვენ სრულად ვართ ჩართული მიმდინარე პროცესის მხარდაჭერაში და ვიმედოვნებთ, რომ ის კონკრეტულ შედეგებს მოიტანს“, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ.
მისი თქმით, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებებში ევროპულ მხარეს ევროკავშირის ინსტიტუტები და „მსურველთა კოალიციის“ E5 ფორმატი წარმოადგენენ.
ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელს კაია კალასს სპეციალური წარმომადგენლის როლის გარეშე ტოვებს. კალასი ამ პოზიციის დაკავებას საჯაროდ ითხოვდა, თუმცა დიპლომატიურ პროცესში მისი როლი სულ უფრო მეტად იზღუდება.
პარასკევს დილით კალასმა ამ თანამდებობის დაკავების აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენლობა მის მანდატში შედის.
მან ასევე აღიარა, რომ რუსეთს მისი წარმომადგენლად ხილვა არ სურს, რასაც კალასი საკუთარ „მკაფიო“ პოზიციებს უკავშირებს.
კალასის განცხადების საპასუხოდ, ანტონიო კოშტამ, როგორც ჩანს, მისი პრეტენზია არ გაიზიარა და ევროკავშირის ხელშეკრულებებზე მიუთითა.
„ხელშეკრულებები მკაფიოდ განსაზღვრავს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი წარმოადგენს ევროპულ საბჭოს და ევროკავშირს საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების დონეზე. ევროკომისიის პრეზიდენტი წარმოადგენს კომისიას, ხოლო კომისია ევროკავშირს საგარეო ურთიერთობებში იმ საკითხებზე წარმოადგენს, რომლებიც გაერთიანების კომპეტენციაში შედის“, - განაცხადა კოშტამ.





