მარკო რუბიო: საერთაშორისო სამართალი გლობალური ელიტისთვის საკუთარი ინტერესების გატარების ინსტრუმენტია
მსოფლიო

მარკო რუბიო
ფოტო: Getty Images
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ საერთაშორისო სამართალი გლობალური ელიტისთვის ნეიტრალური წესების ერთობლიობა კი არა, საკუთარი ინტერესების გასატარებელი ინსტრუმენტია, რომელსაც ისინი უნივერსალური პრინციპების სახელით იყენებენ.
„ამ გლობალური ელიტისთვის „საერთაშორისო სამართალი“ წესების ნეიტრალური ერთობლიობა როდია. ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც უნივერსალური პრინციპების საბაბით საკუთარი ინტერესების გასატარებლად გამოიყენება. ისინი დემოკრატიის მგზნებარე დამცველები არიან მანამ, სანამ კონკრეტული არჩევნები მათ ინტერესებს არ დაუპირისპირდება“, - განაცხადა რუბიომ ფედერალისტური საზოგადოების ეროვნული იურისტთა კონვენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
რუბიომ ასევე გაიხსენა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ და მას „ყალბი სასამართლო“ უწოდა.
„ეს არის არარჩეული საერთაშორისო ტრიბუნალი, რომელიც აცხადებს, რომ სუვერენული სახელმწიფოების კანონებსა და კონსტიტუციებზე მაღლა დგას, მათ შორის იმ ქვეყნების შემთხვევაშიც, რომლებსაც მისთვის არასდროს მიუნიჭებიათ ასეთი უფლებამოსილება“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
რუბიოს განცხადებით, შეერთებული შტატები არასდროს დათანხმებულა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას, თუმცა სასამართლომ და მისმა მოკავშირეებმა საერთაშორისო ბიუროკრატიაში თავი საერთაშორისო წესრიგის მსაჯებად და აღმასრულებლებად გამოაცხადეს.
„მათ მიაჩნიათ, რომ ყველას მართვის უფლება აქვთ, თუმცა თავად არავის წინაშე არიან ანგარიშვალდებული. მათ აქვთ ჩვენი მოქალაქეების გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის, შევიწროებისა და დაპატიმრების ძალაუფლება იმ კანონების საფუძველზე, რომლებზეც თანხმობა არ მიგვიცია და რომელთა კონტროლიც არ შეგვიძლია“, - განაცხადა რუბიომ.





