POLITICO: ნატო რუსეთთან შესაძლო ომისთვის ემზადება. ალიანსი უცხოეთში სამხედრო მისიებისთვის ძალების გამოყოფას შეამცირებს
მსოფლიო

ფოტო: AFP via Getty Images
ნატოს წევრი ქვეყნები ალიანსის სამხედრო დაგეგმვის ყველაზე მასშტაბურ გადახედვას განიხილავენ ბოლო, სულ მცირე, ორი ათწლეულის განმავლობაში. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
ახალი მიდგომის თანახმად, პრიორიტეტი რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მზადყოფნას მიენიჭება, ხოლო ერაყისა და ავღანეთის მსგავსი მისიებისთვის დამატებითი სამხედრო ძალების გამოყოფის მოთხოვნა შემცირდება.
ნატოს 32 წევრმა ქვეყანამ ალიანსის სამხედრო შესაძლებლობების ახალი მიზნების შესახებ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო. ეს მიზნები განსაზღვრავს, რა რაოდენობის სამხედრო ძალები და შეიარაღება უნდა გამოყონ წევრმა სახელმწიფოებმა შესაძლო კონფლიქტის შემთხვევაში და როგორ გადანაწილდება მათ შორის ხარჯები.
დოკუმენტის პროექტის თანახმად, წევრ ქვეყნებს აღარ მოეთხოვებათ ისეთი სამხედრო შესაძლებლობების უზრუნველყოფა, რომლებიც ერთდროულად საკმარისი იქნება როგორც ევროპაში ფართომასშტაბიანი ომისთვის, ისე რამდენიმე შედარებით მცირე კრიზისული მისიის ჩასატარებლად. ამის ნაცვლად, ოთხი ნატოელი დიპლომატის ინფორმაციით, რომლებმაც დოკუმენტის შინაარსი იციან, ალიანსი სამხედრო დაგეგმვას ორი შესაძლო სცენარიდან ერთ-ერთზე მოარგებს.
„ძალიან მკაფიოდ არის გააზრებული, რომ ნებისმიერი ვითარების შემთხვევაში, ევროპაში ფართომასშტაბიანი კონფლიქტი ნატოსთვის ყველა სხვა პრიორიტეტსა თუ მოვლენაზე მნიშვნელოვანი იქნება“, - განაცხადა კამილ გრანმა, ნატოს თავდაცვის ინვესტიციების მიმართულებით გენერალურმა მდივნის ყოფილმა თანაშემწემ.
ეს მიდგომა ემთხვევა შეერთებული შტატების ზეწოლას, რომლის მიზანიც ალიანსის ძირითადი მისიის ევროპული თავდაცვისკენ მიმართვაა. ვაშინგტონი ამ პროექტს „ნატო 3.0-ს“ უწოდებს, იუწყება POLITICO.
მოლაპარაკებები მიმდინარეობს დოკუმენტზე, რომელსაც „პოლიტიკური სახელმძღვანელო“ ეწოდება. ის ოთხწლიანი პროცესის ნაწილია, რომელიც 2029 წლისთვის ალიანსის წევრი ქვეყნების მიერ სამხედრო შესაძლებლობების ახალი მოთხოვნების დამტკიცებით უნდა დასრულდეს. შეთანხმების საბოლოო ვერსიის მიღება მოკავშირეებს თებერვლამდე აქვთ დაგეგმილი.
მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება განსაზღვრავს, რა სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება ექნებათ მოკავშირეებს მზადყოფნაში და რამდენად სარწმუნო იქნება მათი შემაკავებელი შესაძლებლობები რუსეთის მიმართ. ევროპელი ოფიციალური პირები არაერთხელ გააფრთხილეს, რომ 2029 წლისთვის რუსეთმა შესაძლოა ნატოს ტერიტორიაზე შეჭრა სცადოს, წერს POLITICO.
თუმცა, როგორც გამოცემა იუწყება, პროცესს დამატებით ართულებს თავდაცვის ხარჯებთან დაკავშირებული მზარდი საბიუჯეტო შეზღუდვებიც.





