Euronews: ევროკავშირი ახალი წევრი ქვეყნებისთვის, კერძოდ კი მონტენეგროსთვის, უფრო მკაცრი მექანიზმების, მათ შორის ხმის მიცემის უფლების შეჩერების შესაძლებლობის შემოღებას განიხილავს, თუმცა, კანდიდატ ქვეყნებს ულტიმატუმის წინაშე აყენებენ - ან იღებენ ამ პირობებს, ან უარს ამბობენ
მსოფლიო

AP
ევროკავშირი ახალი წევრი ქვეყნებისთვის, კერძოდ კი მონტენეგროსთვის, უფრო მკაცრი მექანიზმების, მათ შორის ხმის მიცემის უფლების შეჩერების შესაძლებლობის შემოღებას განიხილავს, თუმცა, კანდიდატ ქვეყნებს ულტიმატუმის წინაშე აყენებენ - ან იღებენ ამ პირობებს, ან უარს ამბობენ, - წერს Euronews-ი.
გასულ თვეში ევროკომისიამ ახალი წევრებისთვის 15-წლიანი გამოსაცდელი პერიოდის დაწესება შესთავაზა. ეს მექანიზმი მიზნად ისახავს ოპერატიული რეაგირებას იმ ქვეყნებზე, რომლებიც ევროკავშირის ღირებულებებსა და გულწრფელი თანამშრომლობის პრინციპს დაარღვევენ.
ეს წინადადება ევროკავშირის ხუთი დამფუძნებელი წევრის მოთხოვნიდან გამომდინარეობს, რომლებმაც მიზნად დაისახეს, გაეთვალისწინებინათ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის გამოცდილება.
„როდესაც ამის შესახებ პირველად ვისაუბრე, ვთქვი: ევროკავშირში ახალი ტროას ცხენები არ უნდა იყვნენ-მეთქი. ეს ჯერ კიდევ უნგრეთის არჩევნებამდე მოხდა. დღეს კი შემიძლია ვთქვა: აღარავითარი ვიქტორ ორბანები“, - აღნიშნა ახალი ზომების წარდგენისას ჟურნალისტებთან საუბარში გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა.
მთავარი სირთულე ისაა, რომ კანდიდატ ქვეყნებს ამ ინსტიტუციურ გარანტიებზე ზემოქმედების არანაირი ბერკეტი არ აქვთ. მათ ან უცვლელად უნდა მიიღონ ეს პირობები, ან საერთოდ თქვან უარი ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე.
ყველაზე მოწინავე კანდიდატი ქვეყნისთვის, მონტენეგროსთვის, მოლაპარაკებების პროცესზე უარის თქმა პრაქტიკულად გამორიცხულია. ქვეყანამ ბლოკში გაწევრიანებისთვის უკვე ათწლეულზე მეტია უზარმაზარი ადმინისტრაციული რესურსი დახარჯა. მიუხედავად ამისა, ფინიშის ხაზზე წევრობის პირობების შეცვლა მონტენეგროელ მაღალჩინოსნებში მწარე განცდას ტოვებს. ისინი ცდილობენ, ზომები ღიად არ გააკრიტიკონ, რათა პროცესს საფრთხე არ შეუქმნან.





