Reuters: ესპანეთში, ერთი წლის განმავლობაში ორი სარკინიგზო ავარიის გამო, მატარებლების მემანქანეები გაიფიცნენ
მსოფლიო

ფოტო: Reuters
ესპანეთში მატარებლების მემანქანეებმა გაფიცვა დაიწყეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, მემანქანეები სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობასა და უსაფრთხოებაში ინვესტიციების გაზრდას მოითხოვენ. გაფიცვა ქვეყანაში მიმდინარე წელს მომხდარ მეორე სარკინიგზო ავარიას მოჰყვა და მატარებლების მოძრაობის მნიშვნელოვანი შეფერხება გამოიწვია.
როგორც Reuters-ი წერს, გასულ კვირას ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა ტრანსპორტის სამინისტროს დროებით ხელმძღვანელად თავისი მოადგილე კარლოს კუერპო დანიშნა. ოსკარ პუენტემ თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც მიმდინარე წელს მადრიდი-სევილიის იმავე მაღალსიჩქარიან სარკინიგზო ხაზზე ორი ავარია მოხდა, რომლებსაც ჯამში 115 ადამიანი ემსხვერპლა.
სახელმწიფო სარკინიგზო ოპერატორის, Renfe-ს ინფორმაციით, სამშაბათს შორ და საშუალო მანძილზე მოძრავი მატარებლების რეისების დაახლოებით 40% გაუქმდა, რის შედეგადაც 4 042 მგზავრი დაზარალდა. გაუქმდა ასევე მადრიდის საგარეუბნო მატარებლების რეისების 90% და ბარსელონის ადგილობრივი რეისების 50%.
მადრიდთან ახლოს მდებარე ქალაქ ლეგანესში მგზავრებს ქალაქის ცენტრამდე მისასვლელად ავტობუსებით სარგებლობა მოუწიათ. სახელმწიფო ოპერატორ Cercanías-ის ცნობით, ქალაქის საგარეუბნო სარკინიგზო ქსელის, სულ მცირე, ხუთი ხაზი არ მუშაობდა, კიდევ სამ ხაზზე კი მოძრაობა ნაწილობრივ იყო შეზღუდული.
კატალონიის რეგიონში სარკინიგზო ოპერატორმა Rodalies-მა განაცხადა, რომ მატარებლები შეფერხებით მოძრაობდნენ, რადგან მინიმალური მომსახურების მოთხოვნები არ სრულდებოდა. ბარსელონის გარეუბანში მდებარე მასნოუს სადგურზე მგზავრების მხოლოდ მცირე რაოდენობა ელოდებოდა მატარებლებს, რომლებიც არარეგულარული ინტერვალებით მოძრაობდნენ.
პროფკავშირის ინფორმაციით, ესპანეთის მაღალსიჩქარიან სარკინიგზო ქსელში უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, მთავრობასთან მოლაპარაკებები იანვარში ქვეყნის სამხრეთში მომხდარი ავარიის შემდეგ დაიწყო, რომელსაც 46 ადამიანი ემსხვერპლა. თუმცა მოლაპარაკებები აპრილში შეწყდა.
გასულ თვეში მომხდარი მეორე შეჯახება კი, ტრანსპორტის ყოფილი მინისტრის ოსკარ პუენტეს განცხადებით, მას შემდეგ მოხდა, რაც სარკინიგზო მოძრაობის დისპეტჩერმა სიგნალიზაციის სისტემის შეფერხების მიუხედავად, სახელმწიფო კომპანია Renfe-ს მატარებელს მოძრაობის გაგრძელების მითითება მისცა. ამ დროს იმავე ხაზზე, წინ კომპანია Iryo-ს მატარებელი იყო გაჩერებული.





