POLITICO: მერცის კონსერვატორები, გერმანიის ისტორიაში პირველად, პრეზიდენტის პოსტზე ქალის კანდიდატურის წარდგენას გეგმავენ
მსოფლიო

ილზე აიგნერი
ფოტო: AFP via Getty Images
ბავარიელი პოლიტიკოსი ილზე აიგნერი შესაძლოა გერმანიის მომავალი პრეზიდენტი გახდეს და ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი იყოს, რომელიც ამ თანამდებობას დაიკავებს. ინფორმაციას POLITICO რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი და ცენტრისტულ-მემარცხენე „სოციალ-დემოკრატიული“ პარტია (SPD) აიგნერს მოქმედი პრეზიდენტის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის შემცვლელად წარადგენენ.
მოსალოდნელია, რომ აიგნერის კანდიდატურას ოფიციალურად ორშაბათს გამოაცხადებენ.
2008-2013 წლებში აიგნერი გერმანიის ყოფილი კანცლერის ანგელა მერკელის მთავრობაში სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. ამჟამად ის ბავარიის მიწის პარლამენტის პრეზიდენტია. აიგნერი ასევე „ქრისტიან-სოციალისტური“ კავშირის (CSU) წევრია. ეს პარტია კანცლერ ფრიდრიხ მერცის „ქრისტიან-დემოკრატიული“ კავშირის (CDU) ბავარიელი პარტნიორია.
CDU და CSU ბუნდესტაგში ერთობლივ საპარლამენტო ბლოკს ქმნიან და ევროპარლამენტში „ევროპის სახალხო პარტიის“ შემადგენლობაში შედიან.
ორი წყაროს ცნობით, მერცი კვირას CDU-ის მაღალჩინოსნებს აცნობებს, რომ ბლოკის საპრეზიდენტო კანდიდატი აიგნერი იქნება.
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის მეორე ხუთწლიანი საპრეზიდენტო ვადა 2027 წლის მარტში იწურება. მას ხელახლა არჩევის უფლება აღარ აქვს. გერმანიის ახალ პრეზიდენტს 2027 წლის 30 იანვარს აირჩევენ.
გერმანიის პრეზიდენტის თანამდებობა ძირითადად ცერემონიულია, ხოლო მთავრობის პოლიტიკურ დღის წესრიგს კანცლერი განსაზღვრავს.





