პოლიციამ ლიონში მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
საფრანგეთის ქალაქ ლიონში, პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა და აქციის დაშლა დაიწყო. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
საფრანგეთში დღეს საპროტესტო გამოსვლები ქვეყნის მასშტაბით განახლდა. დემონსტრანტების ნაწილი პოლიციის საწინააღმდეგო შეძახილებს სკანდირებდა. აქციის მონაწილეთა ნაწილს შავი ტანსაცმელი და ნიღბები ეკეთა, იუწყება მედია.
ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები და საჯარო სექტორის თანამშრომელთა გაფიცვა პროფკავშირების, მათ შორის მემარცხენე პროფკავშირის „CGT“-ის მოწოდებით იმართება. გამოსვლებს სტუდენტური ჯგუფებიც შეუერთდნენ. საპროტესტო მოძრაობა, რომელიც ცხოვრების გაძვირებას, საჯარო სერვისების მდგომარეობასა და განათლების სფეროს უკავშირდება, ბოლო წლების განმავლობაში საფრანგეთში ყველაზე მასშტაბურ სამოქალაქო არეულობაში გადაიზარდა.
ტელეკომპანია BFM TV-ის ცნობით, ხუთშაბათ დილით, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში, ტულუზის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ საშუალო სკოლას ცეცხლი წაუკიდეს.
ლიონში, მარსელსა და ნანტში საპროტესტო აქციები დილით დაიწყო, პარიზში კი მთავარი დემონსტრაცია ადგილობრივი დროით 14:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან უნდა დაიწყოს.





