საფრანგეთში სტუდენტებმა სკოლებისა და უნივერსიტეტების ბლოკირება დაიწყეს
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
საფრანგეთში სტუდენტებმა ათობით საშუალო სკოლა და უნივერსიტეტი დაბლოკეს. ისინი განათლების სფეროში დაგეგმილი რეფორმების გამო მთავრობის მიმართ ზეწოლის შენარჩუნებას ცდილობენ, იუწყება ფრანგული მედია.
პარალელურად, პროფკავშირები ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო გაფიცვისთვის ემზადებიან.
საგანმანათლებლო დაწესებულებების ბლოკირება საფრანგეთში უფრო ფართო საპროტესტო მოძრაობის ნაწილია, რომელიც ფასების ზრდასა და საჯარო სერვისების არასათანადო მუშაობას უკავშირდება. ბოლო სამი შაბათ-კვირის განმავლობაში საპროტესტო აქციებმა ქუჩებში ასიათასობით ადამიანი გამოიყვანა.
როგორც ტელეკომპანია France 24-ის კორესპონდენტი პარიზის მახლობლად, ობერვილეში მდებარე ერთ-ერთი სკოლიდან იუწყება, საგანმანათლებლო დაწესებულება მოსწავლეებისა და მასწავლებლების მიერ არის ბლოკირებული. აღნიშნული რაიონი ერთ-ერთი ღარიბი ადგილია საფრანგეთში.
აქვეა მობილიზებული პოლიცია. რამდენიმე წუთის წინ მათ ხალხის დაშლა სცადეს, რადგან მომიტინგეებს სკოლის მიმდებარე ქუჩა აქვთ გადაკეტილი. მომიტინგეებმა სამართალდამცველებს ფოიერვერკები ესროლეს. პოლიციამ უკან დაიხია.





