აშშ-ში პირველი საარჩევნო უბნები უკვე დაიხურა
მსოფლიო

Reuters
ინდიანასა და კენტუკის აღმოსავლეთ ოლქებში წარმომადგენელთა პალატის შვიდი ადგილისთვის ხმის მიცემის პროცესი დასრულდა და პირველი საარჩევნო უბნები უკვე დაიხურა. ამ ორ შტატში უბნების უმეტესობა ადგილობრივი დროით 18:00 საათზე იხურება, თუმცა სხვადასხვა სასაათო სარტყლის გამო ზოგიერთ ოლქში კენჭისყრა 19:00 საათამდე გაგრძელდება. ამასთან, მოქმედი წესით, ყველა ამომრჩეველი, რომელიც უბნის დახურვის მომენტში რიგში იმყოფება, ხმის მიცემის უფლებას ინარჩუნებს.
სხვადასხვა შტატში საარჩევნო უბნები ეტაპობრივად, მთელი ღამის განმავლობაში დაიხურება. მოგვიანებით ხმის მიცემა დასრულდება ფლორიდაში, ჯორჯიაში, სამხრეთ კაროლინაში, ვერმონტში, ვირჯინიასა და ნიუ-ჰემფშირის ნაწილში, ასევე უბნები დაიხურება ჩრდილოეთ კაროლინაში, ოჰაიოსა და დასავლეთ ვირჯინიაში.
თბილისის დროით 05:00 საათიდან პროცესი ერთდროულად შეწყდება შტატების დიდ ჯგუფში, მათ შორის პენსილვანიაში, მიჩიგანში, ილინოისში, ნიუ-ჯერსისა და ტეხასის უმეტეს ნაწილში. 06:00 საათზე ხმის მიცემა სრულდება არიზონაში, ნიუ-იორკში, ვისკონსინსა და კოლორადოში, ხოლო 07:00 საათისთვის უბნები დაიხურება აიდაჰოში, მონტანაში, ნევადასა და იუტაში.
დასავლეთ სანაპიროზე - კალიფორნიაში, ორეგონსა და ვაშინგტონის შტატში - არჩევნები 08:00 საათზე დასრულდება, ხოლო პროცესი საბოლოოდ 09:00 საათზე, ალასკასა და ჰავაიზე საარჩევნო უბნების დახურვით დაგვირგვინდება.





