ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევი მზად არის, დროებით შეაჩეროს დარტყმები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, თუ პარტნიორები ქვეყანას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტებით უზრუნველყოფენ
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი
Reuters
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ კიევი მზად არის, დროებით შეაჩეროს დარტყმები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, თუ პარტნიორები ქვეყანას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტებით უზრუნველყოფენ.
ზელენსკის თქმით, მან ეს საკითხი დონალდ ტრამპსა და მის გუნდთან შეხვედრებზე რამდენჯერმე განიხილა.
„ჩვენ მკაფიოდ განვმარტეთ: არ შეგვიძლია პასუხის გარეშე დავტოვოთ შემთხვევები, როდესაც რუსეთი თავს ესხმის ჩვენს ენერგეტიკას, კლავს ჩვენს მოქალაქეებს და დარტყმებს აყენებს ელექტრო- და გაზის ინფრასტრუქტურას თუ ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებს. თუ გსურთ, რომ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიშები შევაჩეროთ, მათაც უნდა შეწყვიტონ ჩვენს ენერგოსისტემაზე თავდასხმა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ მეორე ალტერნატივად Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის საჭირო რაკეტების მოწოდება დაასახელა და ხაზი გაუსვა, რომ კიევი ამ შეიარაღების შეძენას საკუთარი სახსრებითაც გეგმავს.
„ჩვენ ვიპოვით თანხებს, საუბარი მხოლოდ უფასო დახმარებაზე არ არის. მოგვაწოდეთ ეს პაკეტი, ზამთრის პაკეტი და ჩვენ გადავიხდით. თუნდაც ერთი თვით მოგვეცით, სამი თვით კი არა. თუ გსურთ, რომ ერთი თვის განმავლობაში მათ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს არ დავარტყათ, მოგვეცით Patriot-ის რაკეტები ერთი თვის მარაგით“, - განაცხადა ზელენსკიმ.





