ირანმა განაცხადა, რომ მზად არის, ჰორმუზის სრუტე ორ დღეში გახსნას, თუ აშშ მის პირობებს მიიღებს
მსოფლიო

AP
ორშაბათს ირანმა განაცხადა, რომ მზად არის, ჰორმუზის სრუტე ორ დღეში გახსნას, თუ აშშ მის პირობებს მიიღებს. ირანულმა მხარემ აღნიშნული ინიციატივა ვაშინგტონს კატარის შუამავლობით პირველად სექტემბერში წარუდგინა.
„აღნიშნული გეგმის სულ რაღაც ორ დღეში სისრულეში მოყვანის მზადყოფნა ირანის მხრიდან კეთილსინდისიერი მიდგომის კიდევ ერთი ნათელი დასტურია“, - აღნიშნა საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ესმაილ ბაღაიმ.
„ჩვენ ღიად დავაფიქსირეთ: თუ ირანის მოთხოვნები გათვალისწინებული იქნება, ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხოების აღდგენა და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება უმოკლეს დროში გახდება შესაძლებელი“, - აღნიშნა პრესსპიკერმა.
ბაღაიმ აღნიშნა, რომ შუამავლების მეშვეობით აშშ-თან შეტყობინებების გაცვლა მიმდინარეობს და რომ „ყველაფერი დამოკიდებულია“ ამერიკული მხარის მიერ ირანის მოთხოვნების მიღებაზე. „მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ შემდგომ ეტაპებზე მსჯელობას“, - განმარტა მან.
თეირანის პირობები მოიცავს ომის შეწყვეტას ყველა ფრონტზე, საზღვარგარეთ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას, ენერგოსექტორზე დაწესებული სანქციების მოხსნასა და ირანის პორტების ამერიკული საზღვაო ბლოკადის დასრულებას.





