აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2,1 მილიარდი დოლარის ღირებულების Patriot-ის 500 რაკეტის მიყიდვა დაამტკიცა
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის PAC-3 MSE ტიპის 500 რაკეტის მიყიდვა დაამტკიცა. გარიგების სავარაუდო ღირებულება 2,1 მილიარდი დოლარია და მას სრულად აშშ-ის პარტნიორები და მოკავშირეები დააფინანსებენ.
ვაშინგტონის განცხადებით, შესყიდვაში ამერიკული საბიუჯეტო სახსრები არ იქნება გამოყენებული.
შეთანხმება ასევე ითვალისწინებს რაკეტებისთვის საიდუმლო და არა საიდუმლო სათადარიგო ნაწილების, ასევე ლოგისტიკისა და პროგრამის მხარდაჭერისთვის საჭირო სხვა კომპონენტების მიწოდებას.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, შესყიდვას სრულად დააფინანსებენ პარტნიორები და მოკავშირეები. კერძოდ, კანადა, გერმანია და ნორვეგია თანხებს JUMPSTART პროგრამის ფარგლებში გამოყოფენ, ხოლო დაფინანსების ნაწილი ევროკავშირის უკრაინის მხარდაჭერის სესხით უზრუნველყოფილი ეროვნული სახსრებიდან გამოიყოფა.
ვაშინგტონის შეფასებით, შეთანხმება გააძლიერებს უკრაინის საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის შესაძლებლობებს და დაეხმარება ქვეყანას მიმდინარე და სამომავლო საფრთხეებთან გამკლავებაში.
გარიგების მთავარი კონტრაქტორი ამერიკული კომპანია Lockheed Martin იქნება. უწყების განცხადებით, შეთანხმების განხორციელება უკრაინაში აშშ-ის მთავრობის ან კონტრაქტორი კომპანიის დამატებითი წარმომადგენლების გაგზავნას არ საჭიროებს და გარიგება ამერიკის თავდაცვისუნარიანობაზე უარყოფით გავლენას არ მოახდენს.





