რომში, საყოველთაო გაფიცვის ფარგლებში, მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა - დემონსტრანტები კოლოსეუმთან კარვების გაშლას აპირებენ
მსოფლიო

ფოტო: La Repubblica
იტალიის დედაქალაქ რომში, საყოველთაო გაფიცვის ფარგლებში, მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრაციაში სტუდენტები, მუშები, ფერმერები, ტაქსის მძღოლები, მედიცინის მუშაკები და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, - იუწყება იტალიური მედია.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ქუჩაში 100 ათასი ადამიანი გამოვიდა. დემონსტრანტები მთავრობისგან საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, დასაქმების ხელშეწყობას, ხელფასების ზრდასა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების შემცირებას მოითხოვდნენ. მათი მთავარი სლოგანი იყო: „ჩვენ ვქმნით სიმდიდრეს, თქვენ კი მომავალს გვართმევთ“.
აქციის მონაწილეებმა მსვლელობა ქალაქის ისტორიულ ცენტრში, ჩინკვეჩენტოს მოედნიდან კოლოსეუმის მიმართულებით გამართეს. დემონსტრანტების ნაწილი კოლოსეუმთან კარვების გაშლას და საპროტესტო აქციის გაგრძელებას გეგმავს. ორგანიზატორების განცხადებით, ისინი კვირას ეროვნულ შეკრებასაც გამართავენ.
„მივდივართ, რომ კოლოსეუმი დავიკავოთ და მელონისა და მთავრობას ვუთხრათ, რომ უნდა წავიდნენ, რათა ადგილი დაუთმონ პოლიტიკას, რომლის პრიორიტეტებიც საცხოვრებელი, სამუშაო ადგილები, უფლებები და მშვიდობა იქნება“, - განაცხადეს აქციის ორგანიზატორებმა.
პროტესტს ფერმერებიც შეუერთდნენ. მათი წარმომადგენლის ტონინო მონფელის განცხადებით, მომავალ აქციებში ფერმერთა უფრო დიდი რაოდენობა და ტრაქტორებიც მიიღებენ მონაწილეობას. მან იტალიის პრემიერ-მინისტრის პოლიტიკა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მაშინ, როდესაც ფერმერები ტრაქტორებით გამოდიან, მთავრობას რაკეტები და დრონები აქვს, რომლებითაც ადამიანები იღუპებიან.
რომში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად გამკაცრებული იყო. პოლიცია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა თავდაცვის სამინისტროს დროებით კომპლექსს ჩირკო მასიმოს ტერიტორიაზე, ტერმინის ცენტრალურ რკინიგზის სადგურს, კოლოსეუმსა და ტრანსპორტის, ფინანსთა და თავდაცვის სამინისტროების შენობებს. ტერმინის სადგურზე პოლიციის დამატებითი ძალები იყო მობილიზებული. ზოგიერთი სავაჭრო ობიექტი აქციის გამო მთელი დღის განმავლობაში დაიხურა.





