Reuters: აშშ-მა ირანში მიმდინარე სამხედრო კამპანიაზე უკვე 47 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა
მსოფლიო

Reuters
საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის მიერ მოპოვებული პენტაგონის მონაცემების თანახმად, აშშ-მა ირანში მიმდინარე სამხედრო კამპანიაზე უკვე 47 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა, რაც ივლისში აშშ-ის თავდაცვის უწყების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელს 25%-ით აღემატება.
პენტაგონს აღნიშნულ მონაცემებთან დაკავშირებით, რომლებიც ოფიციალურად ჯერ არ გასაჯაროებულა, კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
ომის გაზრდილი ხარჯების შესახებ ინფორმაციის გავრცელება ემთხვევა პერიოდს, როდესაც „რესპუბლიკური პარტია“ არაპოპულარული კონფლიქტის პოლიტიკურ შედეგებთან გამკლავებას ცდილობს. ეს განსაკუთრებით მწვავედ დგას 3 ნოემბრის არჩევნების წინ, რომელმაც მომდევნო ორი წლის განმავლობაში კონგრესზე კონტროლის ბედი უნდა გადაწყვიტოს.
ომის გავლენამ ენერგორესურსების გლობალურ ფასებზე უარყოფითად იმოქმედა „რესპუბლიკელი“ კანდიდატების მხარდაჭერასა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის რეიტინგზე. ამჟამად ტრამპის პარტია კონგრესის ორთავე პალატაში უმცირეს უმრავლესობას ფლობს.
პენტაგონის ბოლო შეფასებით, ხარჯების ზრდა უშუალოდ საბრძოლო ოპერაციების წარმოებას უკავშირდება. გარდა ამისა, 29 მილიარდ დოლარზე მეტია პროგნოზირებული კონფლიქტის დროს გამოყენებული საბრძოლო მასალების მარაგების შესავსებად, ხოლო 6 მილიარდ დოლარზე მეტი დასჭირდება განადგურებული სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების, მათ შორის ომის დროს დაკარგული მრავალრიცხოვანი უპილოტო საფრენი აპარატებისა და ავიაციის ჩანაცვლებას.





