თურქეთის თავდაცვის მინისტრი: შეშფოთებით ვადევნებთ თვალს შავ ზღვაში სავაჭრო გემებზე განხორციელებულ ინტენსიურ თავდასხმებს და რუსეთსა და უკრაინას მოვუწოდებთ, იმოქმედონ გონივრულად, ღია ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოების პრინციპის დაცვით
მსოფლიო

იაშარ გიულერი
Reuters
თურქეთის თავდაცვის მინისტრის, იაშარ გიულერის განცხადებით, ანკარამ უკრაინასა და რუსეთს შავ ზღვაში თავდასხმების შეწყვეტის წინადადებით კვლავ მიმართა. თუმცა, პირველად მოხდა, როდესაც თურქეთმა მხარეები „სამართლებრივი ზომების მიღებით“ გააფრთხილა იმ შემთხვევისთვის, თუ იერიში თურქეთთან დაკავშირებულ გემებზე განხორციელდება.
თურქმა მინისტრმა აღნიშნა, რომ ანკარა იტოვებს უფლებას, მსგავს ინციდენტებს სამართლებრივი პასუხი გასცეს.
თურქეთმა არაერთხელ მოუწოდა ორივე მხარეს, შეწყვიტონ თავდასხმები შავ ზღვაში, სადაც სამიზნე გახდა როგორც თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი სავაჭრო გემები, ასევე თურქული კომპანიების კუთვნილი ხომალდები.
ანკარაში აცხადებენ, რომ რუსეთისა და უკრაინისგან ელოდებიან პასუხს მათ მიერ წარდგენილ წინადადებაზე, რომელიც თავდასხმების ესკალაციის შეჩერებასა და რეგიონიდან მარცვლეულის უსაფრთხო გადაზიდვას ისახავს მიზნად.
„შეშფოთებით ვადევნებთ თვალს შავ ზღვაში სავაჭრო გემებზე განხორციელებულ ინტენსიურ თავდასხმებს და მხარეებს მოვუწოდებთ, იმოქმედონ გონივრულად, ღია ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოების პრინციპის დაცვით“, - განაცხადა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა.





