მილანში არეულობა და დაპირისპირება დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის მეორე დღეა გრძელდება
მსოფლიო

ფოტო: dpa
19 ოქტომბერს მილანში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის სასტიკი შეტაკებები გაგრძელდა. სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი მას შემდეგ გამოიყენეს, რაც ასობით ნიღბიანმა პირმა მაღაზიების ვიტრინები ჩაამსხვრია, სავაჭრო ობიექტები დაარბია, ხოლო ავტომობილებსა და სანაგვე ურნებს ცეცხლი წაუკიდა. არეულობა ერთი დღით ადრე, ცხოვრების მაღალი ღირებულების წინააღმდეგ გამართული მშვიდობიანი აქციების ფონზე დაიწყო.
მილანის მერმა ჯუზეპე სალამ განაცხადა, რომ ქალაქში არის „ჩამსხვრეული ვიტრინები, გაძარცული დახლები და დაშინებული მცხოვრებლები“. იტალიური საინფორმაციო სააგენტო ANSA-ს ცნობით, ახალგაზრდებმა - ძირითადად შავებში ჩაცმულებმა და ნიღბიანებმა, არეულობა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, პიაცა დელ დუომოზე მოაწყვეს. დაკავებულია სულ მცირე 160 ადამიანი, რომელთა 80 პროცენტზე მეტი არასრულწლოვანია.
იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ არეულობის მონაწილეებს უწოდა „ბოროტმოქმედები, რომლებიც დემონსტრაციებს ქაოსის დასათესად, უსაფრთხოების უზრუნველმყოფელებზე თავდასხმისა და მთელი ქალაქების მძევლად აყვანისთვის იყენებენ“. დღეს მელონი ძალოვან უწყებებთან თათბირს გამართავს.





