ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შემოღებაზე უარი სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების სურვილით ახსნა
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
ფოტო: Getty Images
დონალდ ტრამპმა რუსეთთან დიზელის შეთანხმება და „ჯოჯოხეთური სანქციების“ დაწესებაზე უარის თქმა სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების მცდელობით ახსნა.
„ჩემი გადაწყვეტილება რუსეთთან დაკავშირებით საკმაოდ მარტივია. მე ვმართავ მოლაპარაკებებს რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის დამყარებაზე და არ მინდა გავაკეთო რაიმე ისეთი, რაც სულელურად დააფრთხობს რუსეთს მოლაპარაკებების მაგიდიდან“, - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა თავის სოციალურ ქსელში Truth Social. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი თითქმის არაფერს აკეთებს ირანის მხარდასაჭერად, თუმცა შეუძლია და მას ამ მდგომარეობის შენარჩუნება სურს.
ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
„ზელენსკი დარტყმებს ახორციელებს რუსეთში არსებულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, თანაც მშვენივრად ესმის, რომ ეს თავდასხმები სერიოზულად აზიანებს დიზელის საწვავის მსოფლიო ბაზარს, მათ შორის აშშ-შიც“, - განაცხადა მან. ტრამპის თქმით, რუსეთს „მსოფლიო ბაზარზე დაბალ ფასებში მილიონობით ბარელი დიზელის საწვავი გამოაქვს“, მაგრამ ზელენსკის „ეს არ ადარდებს“.
აშშ-ის პრეზიდენტის მოსაზრებით, უკრაინის პრეზიდენტს, რომელიც ფულს ევროპისა და აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისგან იღებს, „არ სურს ამ ომის დასრულება და, სავარაუდოდ, ეს არც არასდროს ნდომებია“.
„ორი წლის წინ მას შეეძლო გაცილებით მომგებიანი შეთანხმების დადება, ვიდრე ახლა“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.





