ვოლოდიმირ ზელენსკი: იმ დროს, როდესაც რუსეთმა ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ასეთი მასშტაბური იერიში მიიტანა, ამერიკაში, სამწუხაროდ, მიიღეს გადაწყვეტილება, სრულად უგულებელეყოთ ლინდსი გრემის კანონი
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი
ფოტო: Getty Images
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააკრიტიკა, რომლის თანახმადაც თეთრმა სახლმა სენატორ ლინდსი გრემის მიერ რუსეთის წინააღმდეგ შემუშავებული კანონპროექტის აღსრულება შეაჩერა.
როგორც ზელენსკიმ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე დაწერა, იმ დროს, როდესაც რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ასეთი მასშტაბური იერიში მიიტანა, ამერიკაში, სამწუხაროდ, მიიღეს გადაწყვეტილება, სრულად უგულებელეყოთ ლინდსი გრემის კანონი.
„იმ დროს, როდესაც რუსეთმა ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ასეთი მასშტაბური იერიში მიიტანა, ამერიკაში, სამწუხაროდ, მიიღეს გადაწყვეტილება, სრულად უგულებელეყოთ ლინდსი გრემის კანონი, რომელსაც ამ ომის შესაჩერებლად რუსეთის წინააღმდეგ რეალურად ეფექტიანი ზეწოლა უნდა უზრუნველეყო. ამ კანონს დიდი დახმარების გაწევა შეეძლო და ჯერ კიდევ შეუძლია! თუმცა საჭიროა, რომ ის რეალურად ამოქმედდეს. ამისთვის თითოეულ ხმას მნიშვნელობა აქვს“, - დაწერა ზელენსკიმ.
უკრაინის ლიდერის თქმით, წუხელ რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იერიში მიიტანა. ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ელექტროენერგიის წარმოებისა და გადაცემის 15-ზე მეტი მნიშვნელოვანი ობიექტი დაიბომბა.
„ყველაზე რთული ვითარება ლუცკში, რივნეში, ჟიტომირში, ვინიცაში, შეპეტივკაში, სლავუტასა და ნეტიშინში იყო. დარტყმები განხორციელდა ხარკოვის, კიევის, დნეპროპეტროვსკის ოლქებისა და სხვა რეგიონების ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზეც. რუსეთმა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მიმართული ოპერაცია გააფართოვა და ცდილობს მაქსიმალურად გაფანტოს ჩვენი რეზერვები და შეამციროს აღდგენითი სამუშაოების შესაძლებლობები“, - აღნიშნა მან.
ზელენსკის განცხადებით, მხოლოდ გუშინ, საღამოს 7 საათიდან დილის 7 საათამდე უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის, ქალაქებისა და დასახლებების წინააღმდეგ რუსეთმა 320-ზე მეტი რეაქტიული და ბენზინზე მომუშავე „შაჰედის“ ტიპის დრონი გამოიყენა.





