AP: კალიფორნიაში ძლიერმა ქარმა ტყის ხანძარი გააძლიერა - ათასობით ადამიანის ევაკუაცია გამოცხადდა
მსოფლიო

ფოტო: AP
აშშ-ის კალიფორნიის შტატის სამხრეთ ნაწილში ძლიერმა ქარმა ხანძრის სწრაფად გავრცელებას შეუწყო ხელი. ცეცხლმა სულ მცირე ექვსი სახლი გაანადგურა, მათ შორის სანაპიროს ძვირად ღირებული საცხოვრებლები, იუწყება Associated Press-ი.
სააგენტოს ცნობით, ხანძრის გამო ხელისუფლებამ დაახლოებით 16 000 მცხოვრების ევაკუაციის ბრძანება გასცა.
მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ. ხელისუფლების ინფორმაციით, ცეცხლის ქრობის დროს ორი მეხანძრე დაშავდა. მათ საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდათ. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
„ქარი ოდნავ უფრო ძლიერი ან სხვა მიმართულებიდან რომ ყოფილიყო, ვითარება გაცილებით უარესი შეიძლებოდა ყოფილიყო“, - განაცხადა ქალაქ სან-კლემენტეს მერმა რიკ ლოფლერმა.
Associated Press-ის ინფორმაციით, ხანძარი, რომელსაც Norte ეწოდება, სანაპირო ქალაქ სან-კლემენტეში გაჩნდა, შემდეგ კი ქარმა ცეცხლი სან-ხუან-კაპისტრანოს მიმართულებით გაავრცელა. ორივე ქალაქში ევაკუირებულთათვის თავშესაფრები გაიხსნა.
აშშ-ის ამინდის ეროვნულმა სამსახურმა გააფრთხილა მოსახლეობა, რომ ყველაზე ძლიერი ქარი პარასკევ შუადღემდე იყო მოსალოდნელი, თუმცა ხანძრის გაჩენისა და გავრცელებისთვის ხელსაყრელი პირობები შაბათ ღამემდე შენარჩუნდებოდა.
შტატში ათიათასობით მომხმარებელს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. ელექტრომომარაგება ხანძრის საფრთხის გამო წინასწარ გათიშეს.





