ალის ვაიდელი: უკრაინა რუსეთს ვერ მოუგებს, ეს შეუძლებელია - ჩემთვის პირველ ადგილზე ჩემი ქვეყნის ინტერესებია, ეს ომი კი ჩვენს ინტერესებში არ შედის
მსოფლიო

ალის ვაიდელი
GettyImages
პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) თანათავმჯდომარემ, ალის ვაიდელმა განაცხადა, რომ ბერლინმა უკრაინის მხარდაჭერა უნდა შეწყვიტოს.
გამოცემა The Economist-თან ინტერვიუში ვაიდელმა აღნიშნა, რომ ომის გაგრძელება „გერმანიის ინტერესებში არ შედის“ და შეცდომაა იმ კონფლიქტის დაფინანსება, რომელიც, მისი შეფასებით, „უკვე წაგებულია“.
„უკრაინა ძალიან პატარაა. უკრაინა რუსეთს ვერ მოუგებს - ეს შეუძლებელია. ჩვენ 100 მილიარდ ევროზე მეტის დახარჯვას ვაპირებთ. არცერთ სხვა ქვეყანას არ დაუხარჯავს ამდენი, ჩვენ კი უზარმაზარი საგარეო ვალი გვაქვს. ჩემთვის პირველ ადგილზე ჩემი ქვეყნის ინტერესებია - პირველ რიგში გერმანია, ეს ომი კი ჩვენს ინტერესებში არ შედის“, - განაცხადა ვაიდელმა.
AfD-ს ლიდერმა, რომლის პარტიამაც გასულ თვეში საქსონია-ანჰალტის რეგიონულ არჩევნებში წარმატებას მიაღწია, რუსეთთან ურთიერთობების აღდგენისა და უკრაინისთვის სამხედრო თუ ფინანსური დახმარების შეწყვეტის აუცილებლობაზე ისაუბრა.
„ეს არ არის უკრაინაზე თავდასხმის გამართლება. რა თქმა უნდა, არა. იმის თქმა მინდა, რომ არსებობს ისტორია რუსეთის საზღვრებთან ნატოს მიახლოების შესახებ. რუსეთმა ამ პრობლემას არაერთხელ გაუსვა ხაზი. რატომ არავინ მოუსმინა რუსეთის წუხილს, როდესაც საზღვრებთან, განსაკუთრებით რუმინეთში, სარაკეტო სისტემები განთავსდა?“ - აღნიშნა მან.
ვაიდელის თქმით, ომის „ხელოვნური გაჭიანურება“ და გერმანიის მთავრობის გაუაზრებელი ნაბიჯები უდიდეს რისკებს უქმნის თავად გერმანიას.





