„საქმე გვაქვს ურბანული ძალადობის მოძრაობასთან“ - საფრანგეთის პრემიერმა მკაცრად დაგმო ძალადობის მოწოდებები, ასევე სკოლებსა და ლიცეუმებში პიროტექნიკის სროლისა და შენობებში უკანონო შეღწევის შემთხვევები
მსოფლიო

სებასტიან ლეკორნუ
AFP
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა, რომ საფრანგეთში მოსწავლეთა საპროტესტო მოძრაობა „ძალადობრივ ქუჩის აქციებში“ გადაიზარდა.
„დილით მიღებული ინფორმაციის თანახმად, ეს უკვე აღარ ჰგავს მოსწავლეთა მოძრაობას. ჩვენ საქმე გვაქვს ურბანული ძალადობის მოძრაობასთან, რომლის ინტენსივობაც ბოლო დღეებში კიდევ უფრო გაიზარდა“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
მან მკაცრად დაგმო „ძალადობისკენ მოწოდებები, რომლებიც აბსოლუტურად საზარელია“ და ყურადღება გაამახვილა სკოლა-ლიცეუმებში „პიროტექნიკის გამოყენებისა“ თუ „შენობებში შეჭრის“ შემთხვევებზე.
სებასტიან ლეკორნუს შეფასებით, ეს „თავად იმ მოსწავლეების შეურაცხყოფაა“, რომლებსაც უბრალოდ საკუთარი „შფოთვისა და უკმაყოფილების“ გამოხატვა, ან „მთავრობისა და რეგიონული საბჭოებისთვის კონკრეტული მოთხოვნებით მიმართვა“ სურდათ.
„გვეშინია თუ არა ძალადობის? დიახ. კარგად ხედავთ, რომ ამ ქვეყანაში მანიფესტაციის ჩატარება ისე აღარ ხერხდება, რომ მსვლელობებს ძალადობრივი ჯგუფები - განსაკუთრებით ულტრამარცხენეები, ზოგჯერ კი ულტრამემარჯვენეები, კონკრეტულად კი ბოლო დღეებში ულტრამარცხენეები - არ შეუერთდნენ“, - განაცხადა მან.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში „მრავალწლიანი კრიზისების“ გამო ღრმა დაღლილობაა. მისი თქმით, ზოგიერთი პოლიტიკური ძალა ცდილობს ამ დაღლილობის „საარჩევნო საწვავად“ ქცევას, რითაც მიანიშნა პარტია „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ (LFI) მცდელობებზე, გამოიყენონ მოსწავლეთა მოძრაობა.





