ფაშინიანი იმედოვნებს, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი სამშვიდობო შეთანხმებას ხელს 2031 წლამდე მოაწერენ
მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი
ფოტო: Armenpress
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მისი მიზანია 2031 წლამდე ერევანმა და ბაქომ სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოაწერონ და მისი რატიფიცირება მოახდინონ.
როგორც ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა მისთვის პრიორიტეტულია.
„საკუთარ თავს დავუსახე მიზანი და კონკრეტული ვადები - მივაღწიო აღნიშნული საკითხის გადაწყვეტას 2031 წლამდე. რა თქმა უნდა, ეს მთავრობის და ჩვენი პოლიტიკური გუნდის ამოცანაცაა. მაგრამ, როგორც სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, ვთვლი, რომ ჩემი პირადი დღის წესრიგისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა 2031 წლამდე მოვახერხოთ“, - განაცხადა ფაშინიანმა.
სომხეთის მთავრობის მეთაურის განცხადებით, აღნიშნული მიზანი არ არის ახალი. მან აღნიშნა, რომ მიზნის მიღწევის შესაძლებლობას ხედავს.
ფაშინიანმა აგრეთვე დასძინა, რომ მთავრობამ სხვა სტრატეგიული პროგრამების განვითარება არ უნდა დაივიწყოს. აღნიშნულ კონტექსტში მან ტრამპის მარშრუტი (TRIPP) აღნიშნა.





