Financial Times: აშშ ევროპას უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების მიზნით რუსეთის გაყინული აქტივების ნაწილის განბლოკვას სთავაზობს
მსოფლიო

დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინი
ფოტო: Getty Images
აშშ-მა ევროპულ ქვეყნებს შესთავაზა, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გაყინული რუსეთის სუვერენული აქტივების ნაწილი განბლოკონ და ვაშინგტონის ზედამხედველობით მოქმედ ფინანსურ სტრუქტურას გადასცენ. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ინიციატივის მიზანი სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებაა.
წყაროების ინფორმაციით, ეს წინადადება გასულ კვირას მაიამიში გამართულ შეხვედრებზე განიხილეს, რომელშიც დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები და უკრაინის, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირისა და ნატოს ოფიციალური პირები მონაწილეობდნენ.
აშშ-მა აქტივების განბლოკვის რამდენიმე შესაძლო გზა დაასახელა. მათ შორის განიხილებოდა მათი გადატანა სპეციალურად შექმნილ ახალ ფინანსურ სტრუქტურაში, რომელსაც ვაშინგტონი გააკონტროლებდა.
ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა გამოცემას განუცხადა, რომ რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენება ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში განიხილებოდა. მისი თქმით, კვლავ მსჯელობენ იმაზე, თუ რა მექანიზმით განიბლოკება აქტივები და რაში დაიხარჯება თანხები. ოფიციალურმა პირმა დასძინა, რომ ომის დასრულების შემდეგ რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენების შესახებ არაერთი იდეა განიხილება.
სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართულმა უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ეს საკითხი აშშ-ის წარმომადგენლებთან წინა შეხვედრებზეც განიხილეს.
ევროპელმა დელეგატებმა ამერიკის გეგმა უარყვეს. ინიციატივა აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა და ტრამპის სიძემ ჯარედ კუშნერმა წარადგინეს. შეთავაზებამ ევროპულ დედაქალაქებსა და კიევში შეშფოთება გამოიწვია და გააჩინა კითხვები ვაშინგტონის მიზნებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ აშშ-ის მიდგომა მოსკოვზე ზეწოლისა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის დასრულების საკითხში მოკავშირეების პოზიციისგან მკვეთრად განსხვავდება, წერს გამოცემა.
2022 წელს ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის სახელმწიფო აქტივების დაახლოებით 260 მილიარდი ევრო გაყინეს. ამ თანხის უდიდესი ნაწილი ევროკავშირში ინახება.
უკრაინამ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებისგან 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი მიიღო, რომელიც ევროკავშირში გაყინულ რუსულ აქტივებზე დარიცხული პროცენტით არის უზრუნველყოფილი. თუმცა, ევროპის არაერთი ქვეყნის მთავრობა თავად აქტივების გამოყენებას ეწინააღმდეგება და ამის მიზეზად სამართლებრივ რისკებს ასახელებს.
გასული წლის ბოლოს ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ თუ რუსეთი უკრაინას ომის შედეგად მიყენებული ზიანისთვის რეპარაციებს არ გადაუხდის, გაყინული აქტივები უკრაინის აღსადგენად უნდა გამოიყენონ. თუმცა, აქტივების განბლოკვის შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობა იქნება საჭირო, რაც ნაკლებად სავარაუდოა.
კიევი და ევროპის ზოგიერთი ქვეყანა მოითხოვენ, რომ გაყინული რუსული აქტივები უკრაინის დასახმარებლად გამოიყენონ.
ამერიკელი ოფიციალური პირის თქმით, ვაშინგტონმა კიევს სთხოვა, წარმოადგინოს წინადადება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაიხარჯოს ნებისმიერი წყაროდან მიღებული თანხა. ასევე, უკრაინამ მსოფლიო ბანკთან უნდა ითანამშრომლოს კორუფციასთან ბრძოლისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად საჭირო რეფორმების გასატარებლად.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, ოთხშაბათს რუსულ სახელმწიფო მედიასთან განაცხადა, რომ მოსკოვი „ყველა შესაძლო ძალისხმევას მიმართავს მოპარული აქტივების დასაბრუნებლად“.
„ეს მოიცავს სამართლებრივ მუშაობას, სასამართლო პროცესებსა და სამართლებრივ დევნას“, - განაცხადა პესკოვმა.
შეხვედრაში მონაწილე ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა, წყაროების ცნობით, განაცხადეს, რომ აქტივებზე კონტროლის დათმობასა და მათი ნაწილის მოსკოვისთვის დაბრუნებას ეწინააღმდეგებიან.
„მათ უთხრეს, რომ ეს უბრალოდ არ მოხდებოდა“, - განუცხადა გამოცემას საკითხთან გაცნობილმა ერთ-ერთმა პირმა.





