DW: გერმანიაში ნიურნბერგის აეროპორტი, საგანგებო სიტუაციის გამო, დროებით დაიხურა
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
გერმანიის ქალაქ ნიურნბერგის აეროპორტში რეისები დროებით შეჩერდა. ინფორმაციას DW ავრცელებს.
გერმანული მედიის ცნობით, აეროპორტი მას შემდეგ დაიხურა, რაც საბერძნეთის კუნძულ კორფუდან მომავალ სამგზავრო თვითმფრინავზე შესაძლო საავიაციო საგანგებო ვითარების შესახებ შეტყობინება მიიღო.
თვითმფრინავს გერმანიის საჰაერო ძალების Eurofighter-ის ტიპის გამანადგურებლები გაჰყვნენ. ლაინერი უსაფრთხოდ დაეშვა, პოლიციამ კი მოგვიანებით განაცხადა, რომ საფრთხე არ არსებობდა.
გერმანიის პოლიციის ცნობით, აეროპორტში სპეციალური ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც თვითმფრინავმა ფრენის დროს საგანგებო კოდი გადასცა. პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, შესაძლო საგანგებო ვითარება თავდაპირველად დადასტურებული არ იყო და მომხდარის მიზეზის დასადგენად გამოძიება დაიწყო.
თვითმფრინავი ნიურნბერგში უსაფრთხოდ დაეშვა. ადგილზე შემოწმების შემდეგ პოლიციამ განაცხადა, რომ საფრთხე არ გამოვლენილა. მგზავრები და ეკიპაჟის წევრები უსაფრთხოდ იყვნენ.
როგორც DW წერს, აეროპორტში ფრენის დროებით შეჩერებას წინ უძღვოდა კიდევ ერთი ინციდენტი: ღამით სამმა პილოტმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განაცხადა, რომ აფრენის და დაშვების დროს მათ აეროპორტის სიახლოვეს, სავარაუდოდ, დრონი შენიშნეს. პოლიციამ აეროპორტის ადმინისტრაციასთან და საჰაერო მოძრაობის მართვის სამსახურთან ერთად ძებნა დაიწყო, მათ შორის პოლიციის ვერტმფრენიც გამოიყენა, თუმცა საეჭვო ობიექტი ვერ აღმოაჩინეს.





