Bloomberg: ნიუ-იორკის რესტორნების მეპატრონეები, ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდის გამო, კონდიციონერებს თიშავენ და კვირა დღეს დაწესებულებებს კეტავენ
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
ნიუ-იორკის რესტორნებს ინფლაციასთან გამკლავების სულ უფრო ნაკლები საშუალება რჩებათ. მზარდი კომუნალური გადასახადები, დაზღვევის გაძვირება, მაღალი ხელფასები და ბიზნესის სხვა ხარჯები დაწესებულებებს აიძულებს, მუშაობის რეჟიმი შეცვალონ და ფასები გაზარდონ, - იუწყება Bloomberg-ი.
ჰარლემის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე რესტორანმა CakeBurgers-მა, რომელიც ჰამბურგერებსა და ჰამბურგერის ფორმის ნამცხვრებს ამზადებს, კონდიციონერები გამორთო. ეს გადაწყვეტილება მაშინაც კი ძალაში დატოვა, როცა ზაფხულში ნიუ-იორკში ტემპერატურა რეგულარულ 32 გრადუს აჭარბებდა. მიზეზი გაზისა და ელექტროენერგიის გადასახადი გახდა, რომელიც თვეში 1 400 დოლარამდე გაიზარდა.
ფრენკ სკოტოს, რომელიც ჩაინათაუნსა და მიდთაუნს შორის რამდენიმე უბნის ბარს ფლობს, ერთ-ერთ დაწესებულებაში პასუხისმგებლობის დაზღვევის წლიური პრემია ოთხ წელიწადში ხუთჯერ გაეზარდა და 24 000 დოლარს მიაღწია. სკოტო წლების განმავლობაში დაბალი ფასებით ამაყობდა და მზარდი ხარჯების მიუხედავად, ფასების გაზრდას თავს არიდებდა. თუმცა სადღესასწაულო სეზონის დასრულების შემდეგ ალკოჰოლური სასმელების ფასების 15%-მდე გაზრდას გეგმავს. მაგალითად, ერთი ქილა ლუდი შესაძლოა დაახლოებით ერთი დოლარით გაძვირდეს, - წერს სააგენტო.
ხარჯების ზრდას ის მაღალი კლასის რესტორნებიც ებრძვიან, რომელთა გაყიდვები კვლავ ძლიერია. რესტორან Scarpetta-ს მფლობელი ჯონ მედოუ ხარჯების შესამცირებლად ზოგიერთ სხვა დაწესებულებას კვირადღეს კეტავს. ხელფასებისა და სადაზღვევო გადასახადების მკვეთრი ზრდა მისი მოგების მარჟას ამცირებს.
ბიზნესისთვის შექმნილი ეს სირთულეები აშშ-ში ხელმისაწვდომობის უფრო ფართო კრიზისის ნაწილია, რომელიც კომპანიებსა და ოჯახებს ფინანსურ წნეხში აქცევს და შუალედური არჩევნების დღის წესრიგზეც ახდენს გავლენას. ირანში ომმა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულმა ტარიფებმა საწვავისა და სხვა საქონლის ფასები გაზარდა, თუმცა პრობლემები მხოლოდ ამ ფაქტორებით არ შემოიფარგლება.
როგორც Bloomberg-ი წერს, ნიუ-იორკის მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზარდი სადაზღვევო გადასახადები, საპროცენტო განაკვეთები და ხელფასები მოგებას ამცირებს. ბოლო პერიოდში ენერგიისა და ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯების, ასევე ქალაქის ბიზნესზე დაწესებული გადასახადების ზრდამ ქვეყნის მასშტაბით არსებულ ტენდენციებს გადააჭარბა.
ხარჯების უწყვეტმა ზრდამ ზოგიერთი ბარი და რესტორანი მუშაობის გასაგრძელებლად უკიდურესი ზომების მიღებამდე მიიყვანა, ახალი დაწესებულებებისთვის კი საქმიანობის დაწყება კიდევ უფრო გაართულა. 2026 წლის პირველ კვარტალში ნიუ-იორკის შტატში კვებისა და სასმელების ობიექტების რაოდენობის წლიურმა კლებამ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია, სულ მცირე, ბოლო 36 წლის განმავლობაში. აღნიშნული მაჩვენებელი COVID-19-ის პანდემიის დროს დადასტურებულ ყველაზე მკვეთრ ვარდნასაც კი აღემატება. ახლა ბევრი რესტორანი ზრდის შესაძლებლობებზე კი არა, გადარჩენაზე ფიქრობს, - იუწყება სააგენტო.





