The Wall Street Journal: ირანმა რეგიონის ქვეყნები გააფრთხილა, რომ აშშ-ის ახალი დარტყმების შემთხვევაში, ისლამური რესპუბლიკა მათ წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციას დაიწყებს
მსოფლიო

ფოტო: AP
ირანის ოფიციალურმა პირებმა რეგიონის ქვეყნების წარმომადგენლები გააფრთხილეს, რომ აშშ-ის მხრიდან ახალი დარტყმების განხორციელების შემთხვევაში, ისლამური რესპუბლიკა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტს კიდევ უფრო გაამწვავებს. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
თანამგზავრის მიერ გადაღებული ფოტოები აჩვენებს, რომ ირანი მნიშვნელოვან ობიექტებს, მათ შორის ბირთვულ ინფრასტრუქტურასა და სასაზღვრო რაიონებს ამაგრებს, რათა ისინი შესაძლო თავდასხმების მიმართ უფრო მდგრადი გახადოს.
ირანის მთავრობა ომის განახლებისთვის მოსახლეობასაც ამზადებს: გასამხედროებული ძალების წარმომადგენლებს საბავშვო ბაღებში ომის შესახებ ისტორიების წასაკითხად აგზავნის, მხარზე გადასაკიდი საზენიტო სარაკეტო სისტემების გამოყენების სასწავლო კურსებს უწევს რეკლამირებას და მასშტაბურ მიტინგებს მართავს, წერს გამოცემა.
როგორც The Wall Street Journal-ი წერს, ირანს შეზღუდული შესაძლებლობები აქვს, თავი დაიცვას აშშ-ის თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავების, მაღალ სიმაღლეზე მოქმედი ბომბდამშენებისა და ფრთოსანი რაკეტებისგან. აგრესიული რიტორიკა ირანის ხელისუფლებას ასევე ეხმარება, ყურადღება გადაიტანოს ქვეყანაში გაღრმავებული ეკონომიკური კრიზისიდან. აშშ სანქციებს ამკაცრებს და ავიაკომპანიებზე ზეწოლას აძლიერებს, რათა მათ ირანში ფრენები შეწყვიტონ, რითაც ქვეყნის ბლოკადა კიდევ უფრო მკაცრდება.
„ამჟამად საომარი მზადყოფნის შენარჩუნება მათ ხელს აძლევს, რადგან დიპლომატიურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ფრონტებზე ჩიხური ვითარებაა“, - განაცხადა ლონდონში მდებარე კვლევითი ცენტრის Chatham House-ის ახლო აღმოსავლეთის მიმართულების ხელმძღვანელმა სანამ ვაქილმა.
მისი თქმით, ახალი ომის შემთხვევაში, ისლამურ რესპუბლიკას შეეძლება თავადვე დააღწიოს თავი ჩიხს, რომელშიც ის საკუთარი ქმედებებით აღმოჩნდა.
როგორც გამოცემა იუწყება, შესაძლო თავდასხმის შეკავების მიზნით, ირანის ზოგიერთმა ოფიციალურმა პირმა მიანიშნა, რომ ისლამური რესპუბლიკის ძალებმა შესაძლოა მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიაზე სახმელეთო ოპერაციები განახორციელონ.
ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივანმა მოჰსენ რეზაიმ განაცხადა, რომ თეირანმა შესაძლოა სამიზნეში ამოიღოს არაბთა გაერთიანებული საამიროები, რომელსაც გაზაფხულის შემდეგ ირანის თავდასხმები დიდწილად არ შეხებია. მან ასევე რეგიონში არსებული მონაცემთა ცენტრებისა და ინტერნეტკაბელების შესაძლო დაბომბვაზე მიანიშნა.
თეირანმა არაბული ქვეყნების წარმომადგენლები ცალკე გააფრთხილა, რომ კონფლიქტის განახლების შემთხვევაში შესაძლოა რეგიონულ სამიზნეებს, მათ შორის საუდის არაბეთის სანავთობო ინფრასტრუქტურას დაარტყას. ეს კიდევ უფრო რთულ ვითარებაში ჩააგდებდა საუდის არაბეთს, რომელსაც ბოლო დროს იემენში მოქმედი, ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტები“ უქმნიან საფრთხეს, წერს გამოცემა.





