„მოვუწოდებთ თითოეულ მხარეს, უზრუნველყონ, რომ ეს დემონსტრაციები იყოს მშვიდობიანი და სამართალდამცველთა მხრიდან საქმე არ გვქონდეს ძალის გადამეტებასთან“, - გაერო საფრანგეთში მოსწავლეთა საპროტესტო აქციებზე ძალადობის გამო შეშფოთებას გამოთქვამს
მსოფლიო

ფოტო: Le Monde
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი საფრანგეთში მოსწავლეთა დემონსტრაციებთან დაკავშირებულ ინციდენტებს „შემაშფოთებელს“ უწოდებს და ვითარების განვითარებას ყურადღებით ადევნებს თვალს.
გაერო მხარეებს მშვიდობიანი შეკრებების შენარჩუნებისკენ, ხოლო სამართალდამცველებს - ძალის პროპორციულად გამოყენებისკენ მოუწოდებს.
„მოვუწოდებთ თითოეულ მხარეს, უზრუნველყონ, რომ ეს დემონსტრაციები იყოს მშვიდობიანი და სამართალდამცველთა მხრიდან საქმე არ გვქონდეს ძალის გადამეტებასთან. მშვიდობიანი შეკრების უფლება დაცული უნდა იყოს“, - განაცხადა უმაღლესი კომისრის პრესსპიკერმა შაბია მანტუმ ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
გაეროს რეაგირებამდე რამდენიმე დღით ადრე ორგანიზაციას „ადამიანის უფლებათა ლიგამ“ მიმართა, რომელიც ქვეყანაში მოსწავლეების წინააღმდეგ „უპრეცედენტო რეპრესიებს“ დაუპირისპირდა.
შექმნილ ვითარებას გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერი სტეფან დუჟარიკიც გამოეხმაურა. მისი თქმით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციას ღრმად სჯერა, რომ მშვიდობიანი პროტესტის უფლება ყველას აქვს, ხოლო უსაფრთხოების ძალებსა და მთავრობას ეკისრებათ პასუხისმგებლობა, უზრუნველყონ ამ უფლების დაცვა.





